ოთარ შამუგია უნგრეთის ელჩს შეხვდა
ოთარ შამუგია უნგრეთის ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში უნგრეთის ელჩს, ანა მარია შიკოს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

საუბარი შეეხო აგროტურიზმის განვითარების, ღვინის ექსპორტის ზრდის, სათესლე მასალისა და აგრარული პროდუქციის წარმოების, აგრეთვე მესაქონლეობის სექტორის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

„ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, უნგრეთის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი ამოცანაა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფერმერების დახმარება მეტი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოების მიზნით. ერთობლივი ძალისხმევით,  ვფიქრობ, თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ანა მარია შიკომ ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და საქართველოსთან, როგორც საიმედო პარტნიორ ქვეყანასთან, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით  თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

როგორც უნგრეთის ელჩმა აღნიშნა, მოხარული იქნება, თუ უნგრეთში — მეტ ქართულ, ხოლო საქართველოში მეტ უნგრულ პროდუქტს იხილავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.