ოთარ შამუგია „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო
ოთარ შამუგია „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ მმართველი კომიტეტის სხდომას დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის პროგრამის, „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 32-ე სხდომას დაესწრო.

ოთარ შამუგიამ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში მუდმივი მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მადლობა გადაუხადა.

„რეფორმების განხორციელების პროცესში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად გაცილებით მეტ შედეგს მივაღწევთ საქართველოს საკეთილდღეოდ და იმ მიზნის მისაღწევად, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია. მოგეხსენებათ, საქართველო იმყოფება ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში ევროკავშირის მხრიდან. გასულ წელს ჩვენს ქვეყანას მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, გაიცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაზეც, როგორც საქართველოს მთავრობა, ისე საქართველოს პარლამენტი აქტიურად მუშაობს. რეკომენდაციების შესასრულებლად ყველაფერი კეთდება. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ელოდება და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იქნება. რაც შეეხება ENPARD-ის IV ფაზის საბიუჯეტო კომპონენტის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებს, მიმდინარე წელს ევროკომისიის მიერ დაქირავებული ექსპერტების მისიის ვიზიტი შედგა; შემფასებლებს ინფორმაცია მივაწოდეთ 2022 წლის ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ შეფასება იქნება დადებითი. გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას 2023 წლის ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა უწყებამ, სააგენტომ თუ სამსახურმა დროულად შეასრულოს აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე მინისტრმა ევროკავშირს მადლობა გადაუხადა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის სისტემასთან დაკავშირებული ინდიკატორის შეცვლის თაობაზე გაცემულ თანხმობაზე და აღნიშნა, რომ სააგენტო აქტიურად მუშაობს აღნიშნული ინდიკატორის შესრულებაზე. ოთარ შამუგიამ ასევე ისაუბრა LEADER მიდგომასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორც მინისტრმა განაცხადა, 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო ერთი მილიონი ლარი, UNDP-ის მხარდაჭერით შემუშავდა სახელმწიფო პროგრამის პროექტიც, რომელიც შეჯერდა ევროკომისიასთან. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციურ რეფორმაზე, 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით არსებულ ვითარებასა და 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხზე. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროებში განხორციელებულ ცვლილებებზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდეროვიჩის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვაში ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის ერთ-ერთი კარგი მაგალითია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.