ოთარ შამუგია - ფერმერებს საშუალება ექნებათ, ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის შეღავათიანი სესხი აიღონ
ოთარ შამუგია - ფერმერებს საშუალება ექნებათ, ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის შეღავათიანი სესხი აიღონ

მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის და აქედან გამომდინარე, ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ იქნა დღეს გადაწყვეტილება მიღებული, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის ხელშეწყობისკენ.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან, მხარდამჭერ პროგრამებს, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა რგოლის განვითარების ხელშეწყობისთვის, როგორიც არის მრავალწლოვანი კულტურების ბაღების გაშენება, ტექნიკის მიმართულებით მხარდაჭერა, შემნახველი და გადამამუშავებელი მეურნეობის შექმნა, ახალი მეურნეობების დანერგვა და ასე შემდეგ, რაც საბოლოო ჯამში აისახება იმაში, რომ მთლიანად ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარის ინვესტირება არის სექტორში განხორციელებული ამ პროექტების შედეგად, რომლის დიდი ნაწილი მოდის კერძო ინვესტიციებზე, რაც მნიშვნელოვანია დარგის შემდგომი განვითარებისათვის. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, რეგიონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რათა გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის და აქედან გამომდინარე, ორი მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ იქნა დღეს გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის პირველი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ფერმერებს საშუალება ექნებათ, ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი, რომლის ფარგლებშიც ისინი დააფინანსებენ თავიანთი საბრუნავ სახსრებისთვის საჭირო ფულად რესურსებს, რეალურად ისეთი საჭიროებებისთვის, როგორიც არის სათესლე მასალები, საწვავი, ტექნიკის დაქირავება და სხვა ხარჯები. სახელმწიფო მოახდენს ცხრა პროცენტის სუბსიდირებას ასეთი გაცემული სესხის ფარგლებში“, – განაცხადა შამუგიამ.

მისი თქმით, მთლიანობაში პროექტის მიხედვით, ბანკის მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18 პროცენტს.

„ჩვენ მოვახდენთ სულ მცირე ნახევარი საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას ამ პროექტის ფარგლებში. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის ჩვენი ფერმერების იაფ ფულად რესურსზე წვდომას. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, ეს არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა. ჩვენ წლების განმავლობაში ვახორციელებთ მნიშვნელოვან პროგრამებს, რომელიც მიმართულია კოოპერაციის ხელშეწყობისთვის მეღვინეობის სექტორში, რძის წარმოების სექტორში, მეფუტკრეობის მიმართულებით და ა. შ, ასევე ტექნიკის მხარდაჭერის მიმართულებით. ახალი პროგრამა, რომელიც მიმართულია კოოპერატივების მხარდაჭერისთვის, ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს თანადაფინანსებას ძალიან მაღალი, 80%-იანი თანადაფინანსებით. ანუ ფერმები, რომლებიც ბოსტნეულის კულტურების წარმოებას ახორციელებენ, ფერმერებს შეუძლია გაერთიანდნენ, შექმნან კოოპერატივი და თუ ისინი დააკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომელიც მთავრობის კონკრეტული დადგენილებით არის გაწერილი, ისინი ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან მიიღებენ თანადაფინანსებას გრანტის სახით მთლიანი ღირებულების 80%-ის ოდენობით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ შევუქმნათ ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობა, რომ თანამედროვე, ყველა სტანდარტის დაცვით შეინახონ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს პერიოდულად იმ პირობებით, რომელიც მათთვის იქნება უფრო მეტი სარგებლის მომტანი და შეინარჩუნონ პროდუქციის ხარისხი“, – განაცხადა შამუგიამ.