ოთარ შამუგია რობინ დანიგანს შეხვდა
ოთარ შამუგია რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ელჩს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით ახორციელებს.

„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ გვაქვს რეალური პროგრესი როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოც დაცვის კუთხით. ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების, განსაკუთრებით ევროკავშირის და აშშ-ის მხარდაჭერით, განვახორციელეთ რეფორმები, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რამაც მიგვიყვანა მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებამდე. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რის შემდეგაც, კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას დავიწყებთ როგორც რეფორმების, ისე საკანონმდებლო დაახლოების მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები აშშ-თან როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით, რაც ნამდვილად შეგვიწყობს ხელს განვითარების გზაზე“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მხარეებმა განიხილეს როგორც სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ბაზრების დივერსიფიკაციის და სასურსათო უსაფრთხოების, ასევე  გარემოს დაცვის საკითხები.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა წარმატება უსურვა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და მზაობა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს სამინისტროს ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით განსახორციელებელ სამუშაოებში.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის გაზრდაზე, რაც ნიშნავს უფრო მეტ ქართულ პროდუქციას ამერიკაში და მეტი ამერიკული პროდუქციის შემოტანას საქართველოში. ჩვენ ასევე შევეხეთ იმ მხარდაჭერას, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუწია ქართველ ფერმერებს, პროდუქციის უფრო ეფექტიან წარმოებაში, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაყიდონ თავისი პროდუქცია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ უფრო მაღალი მოგების მარჟით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს მტკიცე თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის სექტორში და მზად ვართ, ეს თანამშრომლობა უფრო გავაღრმავოთ“, – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

შეხვედრას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.