ოთარ შამუგია - რაჭაში არანაირი ტერიტორია არ გასხვისებულა, საუბარია კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, ინვესტიციის ფარგლებში დასაქმებულთა 80 პროცენტი უნდა იყოს ადგილობრივი
ოთარ შამუგია - რაჭაში არანაირი ტერიტორია არ გასხვისებულა, საუბარია კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, ინვესტიციის ფარგლებში დასაქმებულთა 80 პროცენტი უნდა იყოს ადგილობრივი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ რაჭის ტყე გაასხვისეს. მისივე თქმით, საუბარია გარკვეულ ტერიტორიაზე კომპანიისთვის უფლებამოსილების გადაცემაზე.

როგორც პაატა შამუგია ამბობს, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, კომპანიას ძალიან ბევრი ვალდებულება ექნება შესასრულებელი.

„არანაირი ტერიტორიის გასხვისება არ მომხდარა. საუბარი არ არის გასხვისებაზე, საუბარია გარკვეულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 105 000 ჰექტარ ფართობზე სალიცენზიო პირობების შესაბამისად კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, რომელსაც თან სდევს ძალიან ბევრი ვალდებულება. არსებობს ჩამონათვალი, რომელიც კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე და განახორციელოს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ადგილობრივ მოსახლეობას ტყეში შესვლისა და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის უფლება არ ექნება.

მისივე განცხადებით, სალიცენზიო პირობების თანახმად, კომპანიმ, რომელიც შექმნის ინფრასტრუქტურას, მასში მეტწილად ადგილობრივი მაცხოვრებლები უნდა დაასაქმოს.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოსახლეობას არ ექნება ტყეში შესვლისა და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის უფლება. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სალიცენზიო პირობებში, ჩამონათვალში არის ვალდებულებები, რაც კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე. არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება, რომ მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი. ლიცენზიას აქვს ვალდებულება, დაიცვას ტყე უკანონო ტყით სარგებლობისგან, ხანძრისგან. ასევე განახორციელოს ინვესტიცია სულ მცირე ხუთი მილიონი ლარის ფარგლებში პირველი ხუთი წლის განმავლობაში. ამ ინვესტიციის ფარგლებში ადგილზე განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა დაასაქმოს ისევ და ისევ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მოსახლეობა. სალიცენზიო პირობებში პირდაპირ ვალდებულებაა, რომ დასაქმებულების 80 პროცენტი  უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი. სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს, დავიცვათ ტყე, ჩვენი ბუნებრივი რესურსები და ამავე დროს, შევქმნათ შესაძლებლობები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეკოტურისტული მიმართულებებით განვითარებისთვის“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე და მზად არიან, საზოგადოებას კითხვებზე დეტალური პასუხები გასცენ.

„ჩვენ რა თქმა უნდა, მზად ვართ, ყველა კითხვაზე დეტალურად ვუპასუხოთ საზოგადოებას სხვა ფორმატებშიც. კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა. მანამდე მას არ აქვს უფლება არანაირი ღონისძიების გატარების, გარდა ტყის დაცვითი ღონისძიებისა. მან უნდა წარმოადგინოს სრული ნუსხა, თუ რის გაკეთებას, განვითარებას აპირებს. როგორი იქნება, ასე ვთქვათ, პროექტები, რომლებსაც განახორციელებს და რა იქნება თანამონაწილეობა. სალიცენზიო პირობები კონკრეტულ პირობებს ითვალისწინებს, თუ რა პირობებით მოხდა გადაცემა. ეს არის სამონადირეო მეურნეობის მოწყობა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ რას მოაშენებს, რას გააკეთებს, რა კონკრეტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, ეს გაწერილია. პირველი შემთხვევა არ არის, 2003 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 16 სამონადირეო მეურნეობაზეა გაცემული ლიცენზია. ყველა შემთხვევაში ასე ხდება, რომ კომპანია წარმოადგენს მართვის გეგმას, ხდება განხილვა სამინისტროს და ყველა უწყების ფარგლებში. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ვუზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა დაინტერესბეული პირი, მათ შორის დგილობრივი მაცხოვრებლები. მათთან შეთანხმებით უნდა შედგეს გეგმა, რომელიც უნდა განახორციელოს ლიცენზიებმა. არ შეიძლება, რამე კითხვა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები ან ვინმე ტყეში ვერ შევა და ვერ ისარგებლებს სიკეთეებით, რაც აქვს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე, რაშიც ყველა უნდა ჩავერთოთ – რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესებიც“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.