ოთარ შამუგია ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორს, სანდრა გალინას შეხვდა
ოთარ შამუგია ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორს, სანდრა გალინას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურ დირექტორს, სანდრა გალინას შეხვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად ემზადება ევროინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის; ევროკომისიის 2023 წლის 11 ნოემბრის გაფართოების პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაციის დოკუმენტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი ყველა იმ ღონისძიებისა და საჭიროების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც აუცილებელია აღნიშნული რეკომენდაციების აღსრულებისთვის შესაბამისი აქტივობების ეფექტიანად და დროულად განსახორციელებლად.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება. ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებში მიაღწია საქართველომ, რაც, გარკვეულწილად, სამეზობლო პროგრამის დამსახურებაც არის. საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელებას. უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად. ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველო 2015 წლიდან წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით და ეს პროცესი გაწერილია 2028 წლამდე“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ევროკომისიის ჯანმრთელობის და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას დეტალური ინფორმაციის მიწოდებისთვის, დადებითად შეაფასა სურსათის უვნებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მზადყოფნა გამოთქვა აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ბელგიის სამეფოში ბიძინა ჯავახიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.