ოთარ შამუგია - ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება
ოთარ შამუგია - ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირის ბაზარი და ამ ბაზარზე არსებული პოტენციალის სრულად გამოყენება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში 129%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, სპირტიანი სასმელების – 26%-ით, ხილისა და ბოსტნეულის წვენების – 103%-ით; უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 4,7-ჯერ, ხოლო მშრალი ხილის ექსპორტი ხუთჯერ არის გაზრდილი. მისივე თქმით, საქართველოდან  ხორციელდება ჩაისა და ციტრუსის ექსპორტი.

ოთარ შამუგიას განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს მიანიჭა ისეთი ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტზე გატანის უფლება, როგორებიცაა თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, შავი ზღვის თევზი და თევზის პროდუქტები, ცხოველთა საკვები და სხვა.

ამასთან, მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, რომ 2022 წლის მდგომარეობით, აგრარულ დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია.

„სახელმწიფოს მიერ ინიცირებული აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული მხარდამჭერი ღონისძიებები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება ახალი ინიციატივებით და, რა თქმა უნდა, იქმნება ახალი  პროგრამები. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6.2 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1.6 მილიარდი ლარია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ევროკავშირის ბაზრის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისათვის აუცილებელია ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება.

„DCFTA-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, 2015-2022 წლებში, საკანონმდებლო დაახლოების ფორმატში, მიღებული და დაახლოებულია 183 ნორმატიული აქტი, ეტაპობრივად ინერგება და სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის პროცედურების დანერგვა“, – აღნიშნა მინისტრმა.