ოთარ შამუგია - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს
ოთარ შამუგია - ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს მოქალაქეებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას ულოცავს.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს ევროკავშირის წევრობასთან.

„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან საქართველოს კიდევ უფრო მეტად აახლოებს. ჩვენი ქვეყნისთვის გაიცა რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩართული იყო და წვლილი მიუძღვის დადებითი შეფასების მიღებაში. მადლობას ვუხდი ევროკომისიის წარმომადგენლებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მადლობა ქართველ ხალხს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთელ სახელისუფლებო გუნდს. განსაკუთრებული მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელი პირობა იყო დადებითი შეფასების მისაღებად. ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული 27 გარემოსდაცვითი დირექტივიდან/რეგულაციიდან, საკანონმდებლო დაახლოება უკვე განხორციელებულია 20 სამართლებრივ აქტთან, ხოლო შვიდ სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან უკვე დაახლოებულია 130-მდე ნორმატიულ აქტთან“, – აცხადებს ოთარ შამუგია.