ოთარ შამუგია - ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის
ოთარ შამუგია - ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე.

„ხაზი მინდა გავუსვა პრემიერ-მინისტრის წარმატებულ ვიზიტს. თქვენ იცით, რომ შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, გაფორმდა მემორანდუმები სხვადასხვა მიმართულებით. დღეს გამოქვეყნდა ორ ქვეყანას შორის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ. ეს დოკუმენტი გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ვფიქრობ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გადავიდა სრულიად ახალ, ძალიან მაღალ საფეხურზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. პრემიერის ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე წარმოდგენილია როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის ბიზნესსექტორი. აქ არიან ასევე ღვინის მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც, წლებია, ახორციელებენ ღვინის ექსპორტს ჩვენთვის მნიშვნელოვან ბაზარზე. ბოლო წლებია, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოვახდინოთ ამ ბაზარზე. შედეგად, ყოველწლიურად დაახლოებით ოთხი მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი ხორციელდება ჩინეთში, თუმცა ეს პროცესები, რომელსაც ვაკვირდებით, მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს როგორც ღვინის, ისე  სხვა პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთის ბაზარზე და ჩვენს პარტნიორებთან, ბიზნესსექტორთან ერთად გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა ექსპორტი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.