ოთარ შამუგია აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს
ოთარ შამუგია აცხადებს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე შესაბამის გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიის საკითხზე  შესაბამის გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ოთარ შამუგიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე გუშინ გარემოს ეროვნულ სააგენტოში ზეპირი მოსმენა გაიმართა, რაშიც ყველა მხარე იყო ჩართული.

„დეტალურად ვისაუბრე ლიცენზიასთან დაკავშირებით ვალდებულების შეუსრულებლობის პროცესსა და რეაგირებაზე, რომელიც ჩვენმა სამსახურებმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში დაიწყეს. ასევე, მოვუწოდე პროტესტის მონაწილეებს, რომ პროტესტის არანაირი საფუძველი არ არსებობს და დავლოდებოდით პროცესს, რომელიც დიდი ხანია, დაწყებულია გარემოს ეროვნულ სააგენტოში. გუშინ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა ზეპირი მოსმენა, სადაც მოწვეული იყო ყველა მხარე, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ლიცენზიანტიც. ამ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტომ მოისმინა ყველა მხარის ინფორმაცია და დღეს, დღის ბოლომდე გარემოს ეროვნული სააგენტო გამოაქვეყნებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ამასთან, ოთარ შამუგიას კითხვით მიმართეს, როგორ კომენტარს გააკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რომ პროტესტის მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ოდესმე ვინმესთან შეხვედრის პრობლემა ჰქონდეს სამინისტროს ან პირადად მე. ვერცერთ ადამიანს ვერ ნახავთ, რომელსაც შეხვედრის სურვილი გამოუთქვამს და უარი გვითქვამს. ჩვენ შვიდსაათიანი შეხვედრა გვქონდა რაჭაში, ჩვენი სააგენტოს ორი ხელმძღვანელი დეტალურად ესაუბრა მათ ამ საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საფუძველი არ იყო, გადმოინაცვლეს თბილისში. ჩვენ ორშაბათ დღესვე, დილით შევთავაზეთ შეხვედრა, რომელზეც პირველ ეტაპზე უარი გამოგვიცხადეს. ამის შემდეგ საკითხზე დეტალურად ვისაუბრე ბრიფინგზე, თუ რა პროცესში ვიყავით და ამ პროცესს უნდა დავლოდებოდით. დღეს  გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ამის მეტი სათქმელი ნამდვილად არაფერი გვაქვს. ვთქვით, როგორ მივყვებოდით პროცესს, როგორ მივედით აქამდე, ჯერ კიდევ მაისიდან დაწყებული. დღეს დაველოდოთ გადაწყვეტილებას. საუბარი, შეხვედრა ჩვენთვის არასდროს ყოფილა პრობლემა და ყოველთვის მზად ვართ, ვისაუბროთ მოქალაქეებთან იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აწუხებთ. უბრალოდ, ამ საუბარს კონკრეტული შედეგი უნდა ჰქონდეს და ჩვენ ერთმანეთისთვის გასაზიარებელი უნდა გვქონდეს სიახლე, რომელიც ამ პროცესშია. აქედან გამომდინარე, დაველოდოთ დღევანდელ დღეს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.