ოთარ შამუგია აცხადებს, რომ 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარი გამოიყოფა
ოთარ შამუგია აცხადებს, რომ 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარი გამოიყოფა

2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

„დღეს გაიმართა მთის საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც წარვადგინეთ ანგარიში 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ. დაახლოებით 3 მილიონი ლარი მიიმართა ფონდიდან ამ ღონისძიებებისთვის და დაფინანსდა, როგორც გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ასევე – ახალი ბაღების გაშენება. ამავდროულად, განვიხილეთ 2022 წლის გეგმა. დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.