ოთარ ნადარაია - საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია
ოთარ ნადარაია - საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ჩვენს მოლოდინებთან შესაბამისობაშია

„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტის, ოთარ ნადარაიას განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მოლოდინებთან შესაბამისობაშია.

მისი თქმით, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი იყო, რომ 2025 წლის ბოლოსკენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება არ მოხდებოდა.

„წელს გვაქვს პროგნოზი, რომ განაკვეთი არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, ბევრი არგუმენტია ამ მხრივ და ეს მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრესრელიზში. თავისთავად, ინფლაცია, პირველ რიგში, წლიური ინფლაცია მართლაც მაღალია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვიური ინფლაცია, დაახლოებით, ბოლო ოთხი თვეა, სამიზნესთან ახლოს არის. თავისთავად, სურსათის გაძვირება პრობლემაა, მაგრამ ეს უკვე წარსულში მოხდა და სამომავლოდ ჩვენი სცენარია, რომ ინფლაცია დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. ვფიქრობთ, დღევანდელი 5.2-დან დაახლოებით 4.5 იქნება წლის ბოლოს, ანუ უკვე დაიწყებს ამ წელსვე კლებას და, ასევე, შემდეგ წელს. რატომ არ შეიძლება კიდევ შემცირება? შეიძლება, მაგრამ როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრესრელიზშია აღნიშნული, გაურკვევლობა ჯერ კიდევ დიდია როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე ქვეყნის შიგნითაც არის გამოწვევები. დავამატებდი, რომ Fed-ის განაკვეთიც მნიშვნელოვანია, როგორც ყოველთვის, Fed -ის განაკვეთიც ახდენს  ჩვენი და სხვა ქვეყნების განაკვეთებზე ზეგავლენას. Fed -ის განაკვეთი უფრო დაბალი როდესაც იქნება, ჩვენთანაც უფრო მეტი შემცირების შესაძლებლობა იქნება“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0 პროცენტზე ინარჩუნებს.