ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა.

ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა.

„შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო სესხების შემცირება – რა თქმა უნდა, გამოიწვია, დიდწილად მიზანიც ეს იყო, ნაწილობრივ იპოთეკურ სესხებშიც. წლიური ზრდა ჯერჯერობით არ არის დაბალი, თუმცა მარტო წლევანდელ რიცხვებს თუ შევხედავთ, ჩემი აზრია, რომ ზრდა იმაზე ნაკლებია, როგორც იპოთეკურ, ისე არაიპოთეკურ სეგმენტში, ვიდრე რაციონალურია“, – განაცხადა ნადარაიამ.

„თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სასურველია, წელს იპოთეკური სესხების ზრდის ტემპები დაახლოებით 20 პროცენტი იყოს, თუმცა სავარაუდოდ, წელს ასე ვერ იქნება.

„ვფიქრობთ, რომ წელს იპოთეკური სესხების ზრდის ტემპები სასურველია, დაახლოებით 20 პროცენტი მაინც იყოს, თუმცა წლევანდელი მაჩვენებლებით ამ ნიშნულზე ვერ გავდივართ, ასევე არაიპოთეკურ სეგმენტში არის კლება და როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, მუდმივად მიდის პროცესი მარეგულირებელი ჩარჩოს გადახედვის. ვფიქრობ, არ არის გამორიცხული გარკვეული შერბილება მოხდეს“, – განაცხადა ნადარაიამ.

ამასთან, მისი შეფასებით, იპოთეკური სესხების მხრივ მულტისავალუტო დაკრედიტება დაშვებული უნდა იყოს.

„იპოთეკას რაც შეეხება, პირადად ჩემი აზრით, ის 200 ათას ლარიანი ზღვარი, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით, შეიძლება, გაიზარდოს კიდეც, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელმა, ოთარ ნადარაიამ.

საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით დღეს დისკუსია გაიმართა.