ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ კონკურენტთან დამარცხდა - სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ მესამე ადგილზეა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ კონკურენტთან დამარცხდა - სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ მესამე ადგილზეა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა სანდრო ათუნაშვილის „ვოლფსბერგერმა“, რომელმაც ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ზალცბურგს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

საჩემპიონო ჯგუფის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90+2-ე წუთზე შეცვალეს. ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა ქართველმა ნახევარმცველმა მაღალი შეფასება, 7.6 ქულა მიიღო.

საჩემპიონო ჯგუფის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ქართველის გუნდს ჯერ ბოვინგი გაუძევეს (28-ე წუთზე), შემდეგ კი მეორე თავდამსხმელი — გრგიჩი (69-ე წუთზე), რის შედეგადაც გუნდი 9 კაცით დარჩა. კიტეიშვილმაც ყვითელი ბარათი მიიღო.

„აუსტრიამ“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე პრელეცმა გაიტანა. 28 ტურის შემდეგ ვენის გუნდმა 33 ქულა დააგროვა და გრაცის „შტურმს“ დაეწია, თუმცა გრაცელები პირველობას დამატებითი მაჩვენებლებით ინარჩუნებენ.

ქართველის გუნდმა კონკურენტებთან უპირატესობა გაანიავა და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაირთულა. ათუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ კი 30 ქულით მესამე ადგილზეა.