ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ნაკრებს მარტში მეტის მიღწევა შეეძლო #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - საქართველოს ნაკრებს მარტში მეტის მიღწევა შეეძლო #1TVSPORT

გრაცის „შტურმმა“ ნავსი გატეხა, ბუნდესლიგაში ზედიზედ 10 მოუგებელი საშინაო მატჩის შემდეგ „ტიროლი“ 3:2 დაამარცხა და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვების იმედი რეალური გახდა. გუნდის ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი იმედოვნებს, რომ წელს ევროსაგზურს მოიპოვებენ.

„უკვე მესამე წელია ბუნდესლიგას ვთამაშობ. ახლა ჩვენ ბევრი კარგი მოთამაშეც გვყავს და დროა, ჩვენს პირველ სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ. მხოლოდ ესაა მიზანი, რომ ევროპის ლიგაზე გავიდეთ“, – ამბობს კიტეიშვილი ავსტრიულ გამოცემა „კრონთან“ ინტერვიუში.

მან საქართველოს ნაკრების მარტის თამაშებზეც ილაპარაკა.

„ესპანეთს მეორე ტაიმამდე ვუგებდით, მაგრამ ბოლო წუთზე წავაგეთ. შვედეთთანაც წარმატებისთვის რაღაც დაგვაკლდა და საბოლოოდ, ქულა საბერძნეთის წინააღმდეგ მოვიპოვეთ. უფრო მეტის მიღწევაც შეგვეძლო, მაგრამ საქართველოში ხალხი ნაკრების გამოსვლით უკმაყოფილო მაინც არ არის“.

მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლიზე ილაპარაკა.

„სამწუხაროდ, მას გუნდის მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა. მაგრამ ბევრი ახალი ფეხბურთელი მიიწვია. ივნისში უფრო მეტი დრო გვექნება რუმინეთისა და ჰოლანდიის წინააღმდეგ ტესტ-მატჩებისთვის“.