ოთარ კიტეიშვილი - რთული შეხვედრა გველის, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი - რთული შეხვედრა გველის, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კიტეიშვილმა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩამდე გუნდის მზადყოფნასა და განწყობაზე ისაუბრა.

„როდესაც ნაკრებში მოვდივართ, ფეხბურთელებს ერთმანეთის ნახვაც ძალიან გვახარებს. წინ კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. შემართებისა და განწყობის პრობლემა გუნდში არასდროს ყოფილა და ვემზადებით იმისთვის, რომ ჩვენი ამდენი ხნის ოცნება ავიხდინოთ.

ლუქსემბურგის ნაკრებმა ბოლო დროს თავი კარგად წარმოაჩინა. რთული შეხვედრა გველის, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოვავლინოთ.

ჩემთვის ჯაბა კანკავას დაბრუნება განსაკუთრებული ამბავია. ის მისაბაძი ადამიანია ხასიათით და ჟინით. მისი ყოფნა განსაკუთრებული ძალაა.

ვიცით, რას ნიშნავს ეს მატჩი ქვეყნისთვის. მთელი საქართველო ემზადება და იმედი მაქვს, ამ ერთიანობას მოედანზე გადავიტანთ, რითიც წარმატების მიღწევას შევძლებთ.

პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. თამაშების მოახლოებასთან ერთად წნეხი მატულობს, მაგრამ ვცდილობთ, ამ კონკრეტული შეხვედრისთვის ყველანი მზად ვიყოთ“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩი 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.