ოთარ კიტეიშვილი - მარცხენა ფეხით ასეთი მანძილიდან მხოლოდ ვარჯიშზე თუ ვარტყამ [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა „ზალცბურგთან“ დუბლი შეასრულა და გრაცის „შტურმს“ პრინციპულ მეტოქესთან გასვლაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოაგებინა – 2:1. იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ანალიტიკურმა პორტალმა, sofascore-მა ქართველ ნახევარმცველს 8,8 ქულა დაუწერა, ხოლო flashscore-მა – 8,5. ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილმა 11 გოლი გაიტანა (პლუს 3 საგოლე გადაცემა). იგი კარიერაში ყველაზე შედეგიან სეზონს ატარებს.
„სეზონის დასრულებამდე შვიდი ტური დარჩა, „შტურმი“ კი ტიტულის დაცვას ცდილობს. გადამწყვეტი როლი ისევ გრაცელთა გამორჩეულმა მოთამაშემ, ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა.
ქართველმა შესვენების შემდეგ პენალტი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, მერე კი საოცნებო გოლით გუნდი იმ დროს დააწინაურა, როდესაც „შტურმი“ 10 მოთამაშით იყო დარჩენილი. გოლი შთამბეჭდავი იმის გამოც იყო, რომ 29 წლის ფეხბურთელმა, რეალურად, სუსტი მარცხენა ფეხით გაიტანა“, – წერს ავსტრიული გამოცემა laola1 და ქართველის კომენტარს აქვეყნებს:
„ბურთი ჩემკენ რომ წამოვიდა, ვფიქრობდი, დასარტყმელია და სხვა გზა არ მქონდა. მარცხენა ფეხი არც ისე ცუდი მაქვს, მაგრამ ასეთი მანძილიდან ჩვეულებრივ მხოლოდ ვარჯიშზე თუ ვარტყამ. არ ველოდი, რომ გავიდოდა. პირდაპირ „ცხრიანში“ ჩავახვიე. იღბალი ჩემკენ იყო“, – ასე აღწერა კიტეიშვილმა გოლი LAOLA1-სთან ინტერვიუში.