ოთარ კიტეიშვილი – ხვალ დაინახავთ იმ მუხტს და საქართველოს სიყვარულს, რაც ჩვენ გაგვაჩნია #1TVSPORT
რამაზ სვანაძესთან ერთად, „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი იმყოფებოდა და უკრაინასთან ერთა ლიგის გათამაშების მოახლოებულ მატჩსა და ეროვნული გუნდის ახალ მწვრთნელზე ისაუბრა.
„უპირველესად დიდი მადლობა ვილი სანიოლს, მასთან ერთად დიდი გზა გავიარეთ და ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ. უბრალოდ, ბოლო დროს, სამწუხაროდ, შედეგები არ იყო. ფეხბურთელები ჩვენს პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ. ახალ მთავარ მწვრთნელს კი წარმატებას ვუსურვებთ. მიმაჩნია, რომ მომხდარზე სწორი რეაქციაა საჭირო.
გულშემატკივარს ვპირდები, რომ მაქსიმალურად ვაჩვენებთ, თუ რა შეგვიძლია. მოედანზე ბოლომდე ვიხარჯებით. შესაძლოა, ეს გარედან არ ჩანს. მაგრამ ხვალ დაინახავთ იმ მუხტს და საქართველოს სიყვარულს, რაც ჩვენ გაგვაჩნია.
დიდი დრო გამიცდა, მაგრამ სანაკრებო შეკრებამდე რამდენიმე თამაში ჩავატარე – თუმცა, ძირითად შემადგენლობაში არც ერთი არ დამიწყია. რა დროს მივიღებ ხვალ, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია“.