ოთარ კახიძე - წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, იურისტის დიპლომი არ ჰქონია, თადუმაძე მეორე სერიაა
ოთარ კახიძე - წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, იურისტის დიპლომი არ ჰქონია, თადუმაძე მეორე სერიაა

შალვა თადუმაძე უკვე მორიგი პირია, რომლის იურიდიული განათლება კითხვის ნიშნის ქვეშ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა. ოთარ კახიძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის იურისტის დიპლომის საქმეზეც ისაუბრა.

„გვახსოვს, ქალბატონი წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია. გვახსოვს დაკავებები, ბედუკაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ჩატაევი ციხიდან გამოუშვა, ეს ყველაფერი წულუკიანმა გააკეთა. ახლა მეორე სერიაა. ეს უკვე მორიგი პირია, რომლის იურიდიული განათლება კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უკვე აღარ გვიკვირს, თუმცა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ აზრი და დავსვათ დიაგნოზი, რომ ეს ხელისუფლება შეუფერებელია, რომ ქვეყანას მართავდეს. არ შეიძლება მათ ჰქონდეთ სახელმწიფო სადავეები და იღებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგან არაფერს სასიკეთოს ასეთი ტიპის არაპროფესიონალური მართვა არ მოუტანს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შესაბამისობაზე კანონის მოთხოვნასთან საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.

„დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო; 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო; დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს; საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს“, – ნათქვამია ანგარიშში.