ოთარ კახიძე - ვენეციის კომისიას გავაცანით არსებული ვითარება, რომ მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის კლანს გადაუფორმოს უზენაესი სასამართლო
„ევროპულმა საქართველომ“ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საკუთარი შეხედულება გააცნო, – ამის შესახებ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის კლანს გადაუფორმოს უზენაესი სასამართლო.
„ევროპულმა საქართველომ“ ვენეციის კომისიას გააცნო საკუთარი შეხედულება და მიმოიხილა დღეს არსებული ვითარება, რომ მმართველი პარტია ცდილობს, ჩინჩალაძის კლანს გადაუფორმოს საბოლოოდ უზენაესი სასამართლო, რითაც უნდა, მოკლას პერსპექტივა რეალური სასამართლო რეფორმის ან გაართულოს მაინც ამის გაკეთება მომავალში. ჩვენ ავუხსენით, რომ ჩინჩალაძის კლანი მთლიანად აკონტროლებს დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორ მესამედს და შესაბამისად, დაუშვებელია მათზე მორგება კანონპროექტების, როგორც ამას აკეთებს მმართველი გუნდი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ კომისიის წევრებს მოსამართლეთა შერჩევაზე საკუთარი შეთავაზებაც გააცნო, რომ კანდიდატების ირგვლივ მაღალი და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი შედგეს და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს მიღებული გადაწყვეტილება.
„ვენეციის კომისიის ექსპერტები, რა თქმა უნდა, აუცილებლად მიიღებენ მხედველობაში იმ კონტექსტს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია, სახალხო დამცველი, ყველა ეწინააღმდეგება სასამართლოში კლანისთვის უზენაესი მართლმსაჯულების გადაფორმებას“, – განაცხადა დეპუტატმა.
ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, კომისიის წევრები შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავენ.