ოთარ კახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლება იუსტიციის საბჭოს ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს
ოთარ კახიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლება იუსტიციის საბჭოს ნებისმიერ წევრს უნდა ჰქონდეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლებით იუსტიციის საბჭოს ნებისმიერი წევრი უნდა სარგებლობდეს, ოღონდ დაბლოკვის უფლება მიხეილ ჩინჩალაძის მიერ კონტროლირებად ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„დღეს ჩინჩალაძის მიერ კონტროლირებადი მოსამართლეები პროცესზე სრულ მონოპოლიას ფლობენ და მათ გარეშე შეუძლებელია, პარლამენტში წამოვიდეს ქვეყანაში ყველაზე კომპეტენტური იურისტის კანდიდატურაც კი“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წინადადების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებისმიერ წევრს თანაბარი სტატუსი აქვს და თითოეულ მათგანს ექნება უფლება, მოსამართლეობის საკუთარი კანდიდატი წარმოადგინოს, თუ ის ფორმალურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

„თუ კანდიდატი იქნება შესაბამისი იურიდიული განათლების, ასაკისა და სამუშაო გამოცდილების მქონე, ის ჩინჩალაძის ჯგუფის მიერ ვერ დაიბლოკება. ასეთი კანდიდატურის ჩაგდებას საბჭოს სრული კონსენსუსი დასჭირდება, ანუ ყველა წევრის მხარდაჭერა“, – განაცხადა კახიძემ. 

მისი თქმით, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი არ ჩააგდებს ერთი წევრის მიერ ნომინირებულ კანდიდატს, პარლამენტში ფართო სია წავა, სადაც ჩინჩალაძის მიერ შერჩეული მოსამართლეებიც იქნებიან და იუსტიციის საბჭოს სხვა წევრების მიერ დადებითად შეფასებული მოსამართლეებიც.

კახიძის განცხადებით, შედეგად, პარლამენტს უფრო ფართო არჩევანი ექნება. მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ აქვს ინიციატივა, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ობიექტური კრიტერიუმები შემოვიდეს.

„ობიექტური გაზომვადი კრიტერიუმი არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები. თუ მან დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა კონკრეტულ საქმეში, სადაც მოსამართლე იყო ესა თუ ის პირი, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმი უნდა იყოს, რომ აღნიშნული მოსამართლე არ დამტკიცდეს. „რუსთავი 2″-ის საქმე არის ძალიან ნიშანდობლივი, სადაც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ გააჩერა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის საქმის აღსრულება. ეს ისეთი ტიპის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომ ამ საქმეში მონაწილე ფიგურანტი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში აღარ უნდა იყვნენ დამტკიცებული“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დეპუტატის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები.