ოთარ კახიძე - უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მირზა სუბელიანი ქვეყნიდან არ გავიდეს
ოთარ კახიძე - უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ მირზა სუბელიანი ქვეყნიდან არ გავიდეს

უნდა იყოს მიღებული ზომები, რომ მირზა სუბელიანი გამოძიებას არ მიემალოს და უზრუნველყოფილი იყოს მისი კომისიის სხდომაზე გამოცხადება, – განაცხადა ახალშექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით ოთარ კახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს დატოვებას აპირებს.

„მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ მას საქართველოს დატოვების განზრახვა აქვს, მაგრამ ამ საქმეში მისი უკანონო ჩართულობის შესახებ იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის, რომ მირზა სუბელიანი ქვეყნიდან არ გავიდეს“, – განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ მირზა სუბელიანმა მოწმეებზე ზეგავლენა არ მოახდინოს. კახიძემ და აღნიშნა, რომ იმ სურათის მიხედვით, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულთან და მის ადვოკატთან საუბრის, თუ სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად იკვეთება, მირზა სუბელიანი მაქსიმალურად შებოჭილი უნდა იყოს, რომ საქმის მოწმეებზე გავლენა ვერ მოახდინოს.