ოთარ კახიძე - თუ მანდატურის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, შეიძლებოდა, არ მომხდარიყო ინციდენტი, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობით დასრულდა
ოთარ კახიძე - თუ მანდატურის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, შეიძლებოდა, არ მომხდარიყო ინციდენტი, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობით დასრულდა

იმ შემთხვევაში, თუ მანდატურის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, შეიძლებოდა, საერთოდ არ მომხდარიყო ინციდენტი, რაც ორი არასრულწლოვნის სადისტური მკვლელობით დასრულდა, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„თუ კონკრეტული პირები გარკვეულ საკითხებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ, პრევენცია შესაძლებელი იყო, მაგრამ არ მინდა, ამ პირების ბრალეულობაზე წინასწარ ვისაუბრო, ვინაიდან საქმის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს“, – განაცხადა კახიძემ.

ამ განცხადებით ოთარ კახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იყო თუ არა შესაძლებელი, მანდატურებს მართლაც არ სცოდნოდათ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სკოლაში.

ოთარ კახიძემ ასევე განაცხადა, რომ ბავშვების სკოლებში ჩაგვრის საკითხს საგამოძიებო კომისია დასკვნაში ყურადღებას აუცილებლად დაუთმობს.

„დასკვნაში უნდა მივუთითოთ ის მიმართულებები, რასაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ამგვარ შემთხვევებში მანდატურის სამსახურსა და პოლიციას შორის კავშირი პრაქტიკულად ჩავარდნილია. როცა სკოლის წინ დაახლოებით 30-40 ბავშვი იკრიბება, უცხო სკოლიდან 10 ბავშვია მოსული, ეს თავყრილობა, საკმაოდ დიდი ჯგუფი ბაქრაძის ძალიან ვიწრო ქუჩით ორგანიზებულად მიემართება და ხორავას ქუჩაზე გადადის, შეუძლებელია, ეს სკოლის ხელმძღვანელობას და მანდატურებს ვერ შეენიშნათ. სწორედ ამ დროს არის საჭირო რეაგირება, პოლიციის გამოძახება და ადგილზე თუნდაც ზედაპირული შემოწმება, რათა ცივი იარაღი იქნას ამოღებული“, – განაცხადა კახიძემ.

როგორც საგამოძიებო კომისიის წევრმა აღნიშნა, თუ პრობლემის დაფიქსირებისთანავე, მაგალითად, სასწავლო ნაწილი ორივე მხარის მშობლებს დაიბარებდა, განგაშს ატეხდა და პრევენციაზე ზრუნვას რეალურად დაიწყებდა, შესაძლებელი იყო, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილიყო, რათა ინციდენტი არ მომდარიყო.