ოთარ კახიძე - თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა მოშორდეს იუსტიციის სამინისტროს და საპროკურორო საბჭოს
ოთარ კახიძე - თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა მოშორდეს იუსტიციის სამინისტროს და საპროკურორო საბჭოს

თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა მოშორდეს იუსტიციის სამინისტროს და საპროკურორო საბჭოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრთან ერთად უნდა შეიცვალოს საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესიც.

„მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი უნდა შეჩერდეს, სანამ არ გაიმართება მთლიანად წესი, სანამ არ ჩამოშორდება ამ პროცესს იუსტიციის მინისტრი წულუკიანი, სანამ ხელისუფლება არ შეცვლის და გააუმჯობესებს თავად საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესს, მაგრამ ამ ხარვეზიანი წესითაც კი ჩვენ ვთავაზობთ ღირსეულ კანდიდატურას, რომელიც ერთი თავით მაღლა დგას მის კონკურენტებზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურორის პოსტზე რამდენიმე კვირის წინ შალვა შავგულიძის კანდიდატურა წარადგინა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საპროკურორო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის პირობებშიც კი, თუკი კონკურსი გაგრძელდება, არაჩევანი მათ მიერ წარდგენილ კანდიდატურაზე უნდა გაკეთდეს და არა იმ კანდიდატზე, რომელსაც თეა წულუკიანი მოიწონებს.

„მისი შერჩეული პროკურორები, ჩვენ ვიცით, ივანიშვილის გუნდიდან, თუ როგორ გაამართლეს საზოგადოების ნდობა. საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესიც არის შესაცვლელი. რაც შეეხება კანდიდატურებს, „ევროპულმა საქართველომ“ ამ პროცესშიც კი წარვადგინეთ ძალიან ღირსეული კანდიდატურა, რომელსაც აქვს საზოგადოების ფართო წრეებში ნდობა და მხარდაჭერა და აქვს ასევე კვალიფიკაცია და წესიერება, რომ დაიკავოს ეს თანამდებობა“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ პირველ არხთან საუბრისას.