ოთარ კახიძე - სუს-ის ფუნქცია ნამდვილად არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ინტერესების დაცვა, მაგრამ ამას წარმატებით ვერ ასრულებს
ოთარ კახიძე - სუს-ის ფუნქცია ნამდვილად არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ინტერესების დაცვა, მაგრამ ამას წარმატებით ვერ ასრულებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და პოლიტიკური პოლიციის როლს ასრულებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ კახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარისას აღნიშნა.

კახიძის თქმით, სუს-ის ფუნქცია ნამდვილად არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ინტერესების დაცვა, მაგრამ ამ ფუნქციას წარმატებით ვერ ასრულებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირდაპირ ეუბნება თავის მოქალაქეებს, რომ ქვეყანას აქვს ე.წ მწვანე საზღვრები, საიდანაც შეიძლება მსოფლიოში სერიოზულმა ტერორისტმა შემოაღწიოს ქვეყანაში. ახმეტ ჩატაევი მყავს მხედველობაში. მეორე, სუს-ი რასაც აკეთებს, იძიებს მუხთარლის გატაცებას, ისიც მწვანე საზღვრით წავიდა აზერბაიჯანით თურმე. არის რამე პასუხი ამ ორ საქმეზე? როგორ შემოვიდა ჩატაევი ან როგორ გავიდა მუხთარლი. ჩვენთვის სამწუხაროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და პოლიტიკური პოლიციის როლს ასრულებს, მათი ფუნქცია ნამდვილად არის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს ინტერესების დაცვა, მაგრამ ამ ფუნქციას ვერ ასრულებს წარმატებით, ვინაიდან მას ამის დაკვეთა არ აქვს ბიძინა ივანიშვილისგან“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საზღვრის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების ღონისძიებები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს.

დატოვე კომენტარი