ოთარ კახიძე - შალვა თადუმაძის დიპლომში შეტანილი მონაცემი არის ყალბი, რაც ავტომატურად არის გამოძიების დაწყების საფუძველი
ოთარ კახიძე - შალვა თადუმაძის დიპლომში შეტანილი მონაცემი არის ყალბი, რაც ავტომატურად არის გამოძიების დაწყების საფუძველი

სანამ კითხვებს კომპეტენტური პასუხი არ გაეცემა, არათუ უზენაეს სასამართლოში დაწინაურებაზე და იქ გადაყვანაზე უნდა იყოს საუბარი, არამედ როგორც გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

„ის ინსტიტუტი, რომელიც დამთავრებული აქვს ბატონ თადუმაძეს, ფუნქციონირებს 94 წლიდან, ხოლო მის დიპლომში შეტანილი მონაცემი არის ყალბი, თითქოს 93 წლიდან სწავლობდა ჯერ კიდევ არარსებულ ინსტიტუტში. დიპლომში როდესაც არის ყალბი მონაცემი, ეს ავტომატურად არის გამოძიების დაწყების საფუძველი, არის თუ არა ეს განზრახ გაყალბებული, რაიმეს დაფარვის მიზნით. ამავე დროს, დამატებით კითხვებს ბადებს ის გარემოება, რომ ბატონმა თადუმაძემ თურმე ექსტერნად დაამთავრა ხუთწლიანი ინსტიტუტი ოთხ წელიწადში, თან ისე, რომ სწავლობდა სამიანებზე. არც ერთი კურსელი და ლექტორი რომ არ გახსოვს, სრული აბსურდია. ამ კითხვებზე სანამ კომპეტენტური პასუხი არ დაიდება, მანამდე არათუ უზენაეს სასამართლოში დაწინაურებაზე და იქ გადაყვანაზე უნდა იყოს საუბარი, არამედ როგორც გენერალური პროკურორი განცხადებას უნდა წერდეს გადადგომაზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომის შესახებ დასმულ კითხვას, რომელიც იმავე უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც თადუმაძე, ოთარ კახიძის თქმით, სხვების დიპლომები შალვა თადუმაძის საკითხთან აბსოლუტურად არაფერ შუაშია და ამ საკითხზე კომენტირებას არ აპირებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ თადუმაძეზე. თუ ვინმემ კიდევ სადმე რაღაც გააყალბა და დიპლომი თუ იყიდა, ეს არანაირად არ უკავშირდება თადუმაძის შემთხვევას. ამიტომ, ყურადღების გადატანის ნაცვლად, ვურჩევდი ყველას, ფოკუსირდეთ იმ საკითხზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ და ამ გენერალურ პროკურორს ახლა უზენაეს სასამართლოში უპირებენ გადაყვანას“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.