ოთარ კახიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება
ოთარ კახიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტება პოლიტიკური დაკვეთით ხდება

ევროპული საქართველოს წევრის ოთარ კახიძის განცხადებით,  ხელისუფლება ანტიდასავლური შეხედულებების მქონე პირის, ზაზა შათირიშვილის საბჭოში მოხვედრას ლობირებს.

ოთარ კახიძის თქმით, 26 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე შეხვდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს, მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს.

„ისინი განიხილავდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ბატონი ზაზა შათირიშვილის არჩევის საკითხს. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს ვასილ მაღლაფერიძეს აქვს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი, ვინაიდან ეს ფიგურა ექვემდებარება კონტროლს სწორედ სამეურვეო საბჭოს მხრიდან და მას არ აქვს უფლება, შეარჩიოს სამეურვეო საბჭოს წევრები“, – განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძემ ზაზა შათირიშვილის საჯარო განცხადებებიდან ციტატები მოიყვანა.

„შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური გაგებით ალიანსებმა, ნატო-მ, უკვე აზრი დაკარგა. ნატო უკვე ანაქრონიზმია. მე მისი არსებობის აზრს ვერ ვხედავ, მით უფრო ევროკავშირის. გაუგებარია, რა არის მათი არსებობის ფუნქცია.

„იგი (ბიძინა ივანიშვილი) არის ის იდეალური მდიდარი, რომელიც კეთილი სამარიტელია. შეუძლებელი არაფერია, ხელისუფლებიდან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ღვთის ნებაც ხომ არსებობს. ღვთის ნება არის სწორედ ის, რასაც ადამიანი, როგორც შემთხვევითობას ისე აღიქვამს. სისტემური არის ადამიანი, მაგრამ ღვთის ნება არის ის, რისი ახსნაც ადამიანს არ შეუძლია. სწორედ ასეთი შემთხვევითობაა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში, რომლის უკანაც იმ წუთში ხედავენ გარიგებას. არის ისტორიაში მომენტები, რომელსაც ვერ ხსნი. ვთქვათ, რატომ შემოვიდა წმინდა ნინო – იმიტომ, რომ ასეთი იყო ღვთის ნება. რატომ დაიწერა “ვეფხისტყაოსანი”, რატომ დაწერა გალაკტიონმა “ლურჯა ცხენები”, რატომ მოხდა ის, რომ საქართველოში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნება”. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, ხშირად ყველაფერს სისტემურად ვხსნით. სადაც არის სისტემა, იქ სიკვდილია იმიტომ, რომ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული.

სიცოცხლე ყოველთვის მოულოდნელია და ღმერთი არის სწორედ ის, რომელიც იძლევა სიცოცხლის სურვილს. აქედან გამომდინარე, ღმერთი არის იქ, სადაც არის თავისუფლება, არჩევანი, სიცოცხლე, შემთხვევითობა“.