ოთარ კახიძე - სასულიერო პირსაც აქვს უფლება, გამოთქვას სამოქალაქო პოზიცია და შეხედულება
ოთარ კახიძე - სასულიერო პირსაც აქვს უფლება, გამოთქვას სამოქალაქო პოზიცია და შეხედულება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ ეკლესიის შიდა საქმეა, როგორ დაალაგებს საკუთარ პოლიტიკას.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადების კომენტირებისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ პირს, მათ შორის სამღვდელოების წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება, გამოთქვან საკუთარი აზრი.

„ვთვლი, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის, სასულიერო პირს, აქვს უფლება, გამოთქვას სამოქალაქო პოზიცია და დააფიქსიროს შეხედულება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, ამიტომ, ვერავის ავუკრძალავ აზრის გამოთქმას. ეს აზრი შეიძლება მომწონდეს, ან არ მომწონდეს. ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული აზრის გამოთქმა შეუძლია სასულიერო პირსაც.

რაც შეეხება პატრიარქს, მასაც შეუძლია მღვდელმთავრებს მოუწოდოს, გამოთქვან, ან არ გამოთქვან აზრი. ეს მათი შიდა საქმეა, როგორ დაალაგებენ ეკლესიაში ამ პოლიტიკას“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა  და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.