ოთარ კახიძე - სასამართლოს მმართველი კლანის წინააღმდეგ დარაზმულია პრაქტიკულად, ყველა ფიგურანტი, რომელიც სასამართლოს საკითხებზე მუშაობს
ოთარ კახიძე - სასამართლოს მმართველი კლანის წინააღმდეგ დარაზმულია პრაქტიკულად, ყველა ფიგურანტი, რომელიც სასამართლოს საკითხებზე მუშაობს

სასამართლოს მმართველი კლანის წინააღმდეგ დარაზმულია პრაქტიკულად, ყველა ფიგურანტი, რომელიც სასამართლოს საკითხებზე მუშაობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლო ხელისუფლებას კლანი მართავს. ეს არის კლანი, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის მორჩილებას ბიძინა ივანიშვილისადმი, „ქართული ოცნებისადმი“ და ამ კლანის წინააღმდეგ დარაზმულია პრაქტიკულად, ყველა ფიგურანტი, რომელიც სასამართლოს საკითხებზე მუშაობს“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ეს არის საკმაოდ მძიმე მოცემულობა, რადგან მას მოკავშირე პრაქტიკულად, არავინ ჰყავს, არც პოლიტიკურ სპექტრში, არც საზოგადოებაში და არც საერთაშორისო თანამეგობრობაში.

„ამ მძიმე ვითარებაში ხელისუფლება, ივანიშვილის მითითებით და დავალებით ცდილობს, მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს უზენაესი სასამართლო გადაუფორმოს“, – განაცხადა კახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მიმართა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას, თუ მისი ჩანაფიქრი ეს არის, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ეგონა, ვენეციის კომისია არ გაითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას, პოლიტიკურ კონტექსტს, იუსტიციის საბჭოს მიმართ ნდობის ხარისხს, პოლიტიკურ პოლარიზაციას, „ქართული ოცნების“ მართვის სტილს და მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ვითარებას.

„ბუნებრივია, ვენეციის კომისია ყოველთვის ითვალისწინებს პოლიტიკურ კონტექსტს, ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ისე აკეთებს ამა თუ იმ კანონპროექტის ანალიზს, ვინაიდან თავისი არსით, კანონი არის პოლიტიკური ინსტრუმენტი და საკანონმდებლო მექანიზმი, რომლითაც პოლიტიკა კეთდება და მართლმსაჯულების სისტემა წესრიგდება“, – განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძემ ასევე განაცხადა, რომ მიზანი ხვალინდელი მსვლელობისა, რომელსაც შალვა შავგულიძის ინიციატივით „თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ მართავს, საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა.

„თავისუფალი დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“, შალვა შავგულიძის ინიციატივით, ხვალ აწყობს მსვლელობას, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იმ ძალიან სერიოზული საკითხისადმი, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობა, რაზეც პრაქტიკულად დგას კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფო. ამის გარეშე შეუძლებელია, ჩვენი მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობდნენ ქვეყანაში და ზოგადად, არსებობდეს თანამედროვე სახელმწიფო“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.