ოთარ კახიძე - სასამართლო ხელისუფლებაში კოსმეტიკური ცვლილებებით ვერანაირი შედეგი ვერ მიიღწევა
ოთარ კახიძე - სასამართლო ხელისუფლებაში კოსმეტიკური ცვლილებებით ვერანაირი შედეგი ვერ მიიღწევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა და სასამართლო ხელისუფლებაში არსებული ზოგადი ვითარება, არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეიძლება, რამე სასიკეთო მივიღოთ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რომელშიც „ევროპული საქართველო“ არაერთ პრობლემას ხედავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, პირველ რიგში, პრობლემაა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების ხანდაზმულობის ვადა, რომელიც არსებული რედაქციით ხუთი წელია და იგეგმება მისი სამ წლამდე შემცირება.

„ეს ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული შემადგენლობა თუ გადაწყვეტს, რომ რომელიმე არ მისცეს პასუხისგებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვადის განმავლობაში, პრაქტიკულად, მოსამართლე ხდება სრულიად იმუნური და კანონდამრღვევი მოსამართლეები არ მიეცემიან პასუხისგებაში, შემდგომი იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვეღარ შეძლებს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, მეორე საკითხი ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების საჯაროობას კანონის დონეზე.

„მივიჩნევთ, რომ საბჭოს რეგლამენტით არ უნდა იყოს მინდობილი,  როგორც მათ მოესურვებათ ისე დაარეგულირონ სხდომების საჯაროობა, რადგან ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი. სხდომების საჯაროობა უნდა იყოს გარანტირებული, მათ შორის, მედიის დასწრება, ტრანსლირება და ვებგვერდზე განთავსება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

პრობლემურად რჩება სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხი.

„კვლავ არის რედაქცია, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს სასამართლოს თავმჯდომარეს და არა კონკრეტული სასამართლოს მოსამართლეები. ეს არის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მეტ დეცენტრალიზაციას, მოსამართლეთა თვითმმართველობის გაძლიერებას. სამწუხაროდ, ეს ინიციატივა გაზიარებული არ არის. გარდა ამისა, ამ კანონპროექტს აქვს სხვადასხვა ხარვეზი“, – განაცხადა კახიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, კოსმეტიკური ცვლილებებით ვერანაირი შედეგი ვერ მიიღწევა.

„მთავარი საკითხი მაინც ერთია, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხელისუფლება ივანიშვილის პოლიტიკური გავლენის ქვეშ არის, კოსმეტიკური ცვლილებებით ვერანაირი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდება. ამიტომ ფუნდამენტური და რადიკალური რეფორმებია გასატარებელი და ეს უნდა მოხდეს ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავს.