ოთარ კახიძე - საქმეში მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე თვითმხილველთა დაკითხვა გაურკვეველი მიზეზით შეწყდა და 14 დეკემბერს განახლდა
ოთარ კახიძე - საქმეში მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე თვითმხილველთა დაკითხვა გაურკვეველი მიზეზით შეწყდა და 14 დეკემბერს განახლდა

სისხლის სამართლის საქმეში მირზა სუბელიანის გამოჩენისთანავე, ანუ 1-ელ დეკემბრის 19:40 საათიდან, თვითმხილველთა დაკითხვა გაურკვეველი მიზეზით შეწყდა და 14 დეკემბერს განახლდა, რაც ძალიან უცნაური გარემოებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გამოძიებამ მანამდე მხოლოდ სამი თვითმხილველი დაკითხა. ჯერჯერობით, შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ დასკვნაში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, პირველ და 2 დეკემბერს თვითმხილველებისა და ფიგურანტების დიდი ნაწილია დაკითხული, მაგრამ საქმეში გამოკითხვის ოქმები არ დევს და კომისიამ არ იცის, მათ პოლიციაში რა ილაპარაკეს. 

„ეს არის ფუნდამენტური, სისტემური პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში გამოიკვეთა. ამაზე შსს-ს პასუხი ისაა, რომ თვითმხილველები ინფორმაციას არ აწვდიდნენ და ისინი ოპერატიულად მუშაობდნენ, რათა სიმართლე დაედგინათ, მაგრამ ჩვენ არც ოპერატიული მუშაობის შედეგი ვიცით და არც ამ მუშაობის ფორმა“, – განაცხადა კახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა საგამოძიებო კომისიას კომუნიკაცია ისეთ მოწმესთან, რომელიც საგამოძიებო უწყების მიერ დაკითხული არ იყო, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ კომისიას შეხვედრა არ ჰქონია ისეთ პირებთან, რომლებიც დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ და მაშინ არ დაიკითხნენ, თუმცა, საეჭვოა ის გარემოება, რომ პირველ და ორ დეკემბერს, მთელი რიგი თვითმხილველების დაკითხვის ამსახველი ოქმები გაფორმებული არ არის.

„ოპერატიული გასაუბრება ერთია, მაგრამ როცა პირი პოლიციის განყოფილებაში ჩვენებას გაძლევს, ეს შესაბამის ოქმში აუცილებლად უნდა აისახოს. ამიტომ, პასუხი, რომელიც შსს-მ გაგვცა, დამაჯერებლობას მოკლებულია და ამას ვერ გავიზიარებთ, რადგან ოპერაციული გასაუბრებით მტკიცებულებები ვერ ჩანაცვლდება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.