ოთარ კახიძე - საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ხელისუფლებას გარკვეულ დათმობაზე წამოსვლა მოუწევს
ოთარ კახიძე - საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ხელისუფლებას გარკვეულ დათმობაზე წამოსვლა მოუწევს

ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წამოსვლა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ დაგეგმილ მორიგ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით უკვე მეხუთედ უნდა გაიმართოს. კახიძე ელის, რომ ამ შეხვედრაზე მმართველი გუნდი წარადგენს ისეთ ვერსიას, რომელშიც დაცული იქნება პროპორციულობის პრინციპი, რაც გულისხმობს პოლიტიკური ძალის მიერ არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციული რაოდენობით შესვლას პარლამენტში.

„ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წამოსვლა, ჩემი აზრით, თუ შერჩათ რაღაც გონიერების მინიმალური ნატამალი მაინც. ვინაიდან, ასე არ გამოუვათ, ქართულ საზოგადოებას რა შეურაცხყოფაც მიაყენეს, უნდა წაიღონ უკან. ისეთი მოდელი დადონ, რომელშიც ასახული იქნება პროპორციულობის პრინციპი, ანუ რა მხარდაჭერასაც მიიღებს პოლიტიკური ძალა არჩევნებში, ის წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს პარლამენტში. ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული. მათ მიერ წარმოდგენილი ვერსიით, ეს პრინციპი დაცული არ არის, ამიტომ, თუ შეჯერდებიან იმ მოდელზე, რომელშიც ეს პრინციპი დაცული იქნება, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გაიზიარებს.

მათი შემოთავაზებული მოდელი 100/50-ზე არ ასახავს იმ პრინციპს. 27 %-იანი მხარდაჭერით თეორიულად შესაძლებელია, რომ მთავრობა დააკომპლექტოს და ეს ნორმალურია? რა თქმა უნდა, არა. შესაბამისად, მოდელი, რომელშიც პროპორციული პრინციპი დაცული იქნება, 50 თუ არა, 45 %-იანი მხარდაჭერა მაინც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ძალას, რომ მთავრობის დაკომპლექტებაზე პრეტენზია განაცხადოს. 50-თან ახლოს თუ იქნება ეს პრინციპი და არ ვამბობ მოდელზე, ჩვენი გერმანული მოდელიც ამ პრინციპს ითვალისწინებს, რამხელა მხარდაჭერაც გაქვს, იმაზე მეტი წარმომადგენლობა არ გყავდეს პარლამენტში, ამაზე სამართლიანი მოთხოვნა რა უნდა იყოს? თუ ამ პრინციპს ასახავენ, შემდგომ უკვე ოპოზიცია მორიგ რაუნდზე მზად იქნება შემდგომი ნაბიჯებისთვის. ჩვენი თვითმიზანი კი არ არის ამ რეჟიმში ყოფნა. ჩვენი მიზანია ცივილური ოპონირება ხელისუფლებასთან და მათი დამარცხება არჩევნებზე“, – განაცხადა კახიძემ.

დატოვე კომენტარი