ოთარ კახიძე - „რუსთავი 2“-ის საქმე არის სრულიად ნათელი მთელი საზოგადოებისთვის

მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ „რუსთავი 2“-ის საქმე არის სრულიად ნათელი მთელი საზოგადოებისთვის, ხელისუფლებას აღნიშნული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება სურდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განუცხადა, სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილის დაყადაღებასთან დაკავშირებით.

„საბოლოო ჯამში, ხელისუფლებამ და მისმა მოკავშირე ხალვაშმა გაიფორმა ტელევიზია და ახლა რა პროცესი მიმდინარეობს სამწუხაროდ ივანიშვილის კონტროლირებადი სასამართლოს მეშვეობით, ძალიან გამიჭირდება კონკრეტული ანალიზი. მთავარი უარყოფითი მოვლენა, რაც მივიღეთ საზოგადოებისთვის, ეს არის ტელევიზიის მესაკუთრის ცვლილება, „რუსთავი 2“-დან გუნდის წასვლა და შედეგად მივიღეთ ტელევიზია, რომელსაც აქვს განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკა. ამის მერე ვინ შეიტანს ახალ სარჩელს და ხელისუფლება ვის მიანიჭებს უპირატესობას მისი კონტროლირებადი სასამართლოს მეშვეობით, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახა კოჟორიძის ინფორმაციით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 60-პროცენტიანი წილი დააყადაღა.

ამასთან, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხი არ მონაწილეობს სასამართლო დავაში, დაყადაღებული არის უშუალოდ ფიზიკური პირის, ქიბარ ხალვაშის კუთვნილი 60 პროცენტი წილი, რაც არხს ფუნქციონირებაში ხელს არ უშლის.