ოთარ კახიძე - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მაინც გაგრძელდება 
ოთარ კახიძე - რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მაინც გაგრძელდება 

ვლადიმერ პუტინის განცხადება სიურპრიზი არ არის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთო კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სიახლე არ არის, რომ რუსეთის ფედერაციისთვის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მიუღებელია, თუმცა საქართველოს სწორედ იმიტომ სურს ალიანსის წევრობა, რომ დაცული იყოს რუსული აგრესიისგან.

კახიძის მტკიცებით, რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია მაინც გაგრძელდება.

“ჩვენი ქვეყანა უკვე 200 წელზე მეტია, რუსეთის მსხვერპლია. ჩვენ, ისევე როგოც ბალტიის ქვეყნებმა, უნდა მოვახერხოთ და დავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე. ასევე, უკიდურესად წინააღმდეგი იყო რუსეთი, თავის დროზე, ჯერ ჩეხეთის, უნგრეთის და პოლონეთის ნატო-ში გაწევრიანების, ხოლო 2004 წელს, როდესაც ლიტვა, ლატვია და ესტონეთი შევიდნენ ნატო-ში, საერთოდ ისტერიკა ჰქონდათ მოწყობილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ნატო ფართოვდება. ნაბიჯები იდგმევა და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ გავხდებით ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრები. სწორედ მაშინ მოგვარდება და დალაგდება ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან, როდესაც უკვე ვეღარ ჩათვლის, რომ ჩვენთან ადვილად გაუვა რაიმე მოქმედება”, – განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, ცუდია, რომ პუტინისა და ტრამპის გუშინდელ პრესკონფერენციაზე საქართველო ხაზგასმით არ იყო ნახსენები, თუმცა ეს არაფერს ცვლის.

“აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დრო აუცილებლად დადგება, ეს არის 2008 წლის გადაწყვეტილება, რომლის ერთგულიც რჩება ნატო. ჩვენ უბრალოდ ამ მომენტს უნდა დაველოდოთ, ისევე როგორც ამ მომენტს ელოდებოდა იგივე ლიტვა, ლატვია, ესტონეთი 2004 წლამდე”,-აცხადებს ოთარ კახიძე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება.