ოთარ კახიძე - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეებმა ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვეს
ოთარ კახიძე - როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეებმა ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვეს

მმართველ გუნდში კრიზისი შეიქმნა და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, ოფიციალურად დაუბრუნდეს მართვის სადავეებს, – ამის შესახებ პირველ არხს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამ დრომდეც ბიძინა ივანიშვილი იღებდა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ მისი არჩევის გადაწყვეტილება კი მმართველ გუნდში ღრმა კრიზისზე მიანიშნებს.

„ყოველთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სამთავრობო თუ სახელისუფლო დონეზე ბიძინა ივანიშვილი იღებდა. თუმცა, ყოველდღიური მართვის პროცესები გადანდობილი ჰქონდა თანაშემწეებისთვის. როგორც ჩანს, ივანიშვილის თანაშემწეებმა ქვეყნის მართვას თავი ვერ გაართვეს. ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. შეიქმნა მმართველ გუნდში კრიზისი და ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ოფიციალურად დაუბრუნდეს მართვის სადავეებს. ეს მიანიშნებს ღრმა კრიზისზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს, ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი. კახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი თავად ივანიშვილი იყოს.

„ევროპული საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით შევცვალოთ. შევცვალოთ „ქართული ოცნება“, მისი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველებით. ვინ იქნება „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, ამას ივანიშვილი გადაწყვეტს. დემოკრატიული პროცესი „ქართულ ოცნებაში“ არ არის. ან თვითონ იქნება, ან შეარჩევს ვინმეს და შესთავაზებს ამომრჩეველს. ჩვენი მიზანია, რომ მოვახდინოთ ოპოზიციური ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება. „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველი სერიოზული მარცხი უნდა იგემოს და 2020 წელს უნდა დავასრულოთ პროცესი და მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შევცვალოთ ხელისუფლება“, – განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს და პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.