ოთარ კახიძე - ქიბარ ხალვაშის უკან დგას ივანიშვილი და ამ ყველაფრის მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა
ოთარ კახიძე - ქიბარ ხალვაშის უკან დგას ივანიშვილი და ამ ყველაფრის მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა

ქიბარ ხალვაშის უკან რეალურად დგას ივანიშვილი და ამ ყველაფრის მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რომ მისი ეთერი არ იყოს ისეთი, როგორიც აქამდე იყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

„მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც განვიხილავთ ამ ყიდვა-გაყიდვის პერიპეტიებს, არის ორი საკითხი. პირველი, რომ ხალვაშის უკან რეალურად დგას ივანიშვილი და მეორე, ამ ყველაფრის მიზანი, მთელი ამ დავის, მათ შორის ამ ყიდვა-გაყიდვაზე საუბრის, არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, რომ მისი ეთერი არ იყოს ისეთი, როგორიც იყო აქამდე. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად მოქმედებს ივანიშვილი თავისი მარიონეტის, ხალვაშის პირით და მისი მეშვეობით რაღაც ნაბიჯებს დგამენ. ეს ნაბიჯები, ვის მიყიდიან, მათთვის სასურველი პირი ვინ იქნება, საჯარო რეესტრში ვისი გვარი ეწერება ხალვაში ნაცვლად, ამას გადამწყვეტი და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. განზრახვა ივანიშვილის ნათელია, მას არ მოსწონდა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა და მის შესაცვლელად დგამს ნაბიჯებს“,- აცხადებს კახიძე.

მისივე თქმით, თუკი რაიმე პრობლემა აქვს ტელეკომპანიას, ამაში ბრალი ხალვაშსა და ივანიშვილს მიუძღვის.

„აქვე მინდა აღვნიშნო და გამოვყო ის ცინიკური პასაჟი, რომელიც არის ხალვაშის განცხადებაში, რომ თითქოს „რუსთავი 2“-ს ფინანსური პრობლემები ჰქონია შექმნილი, რაც არის გამოწვეული მისი და ივანიშვილის ერთობლივი მოქმედებით, ყადაღით, რომელიც დაადეს არხს და ფინანსურ მოგუდვას ცდილობდნენ კომპანიის. ამას თან ერთვოდა სარეკლამო რეგულაციები, რომელმაც დარტყმა მოაყენა მთლიანად სექტორს და კონკრეტული სამიზნე მაშინაც იყო „რუსთავი 2“. ამიტომ, თუკი რაიმე პრობლემა აქვს თვითონ ტელეკომპანიას, ამის ბრალეულობა თვითონ ხალვაშის არის და თვითონ ივანიშვილის, ამიტომ სხვისკენ თითის გაშვერა არის უტიფარი და ცინიკური განცხადება. მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეალურად ამ ყველაფრის უკან დგას ივანიშვილი და არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა არის ხელისუფლების და ამ შემთხვევაში,ხალვაშის მიზანი“,- განაცხადა ოთარ კახიძემ.