ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ მთავრობის დამტკიცებისა და მთავარი პროკურორის არჩევის საკითხს ფორსირებულად განიხილავს
ოთარ კახიძე - „ქართული ოცნება“ მთავრობის დამტკიცებისა და მთავარი პროკურორის არჩევის საკითხს ფორსირებულად განიხილავს

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ მინისტრთა ახალ კაბინეტს პარლამენტი ფორსირებულ რეჟიმში ამტკიცებს. დეპუტატ, ოთარ კახიძის თქმით, ამ ეტაპზე, ოპოზიცია კომპრომისზე წავიდა, თუმცა უკვე მთავარი პროკურორობის კანდიდატის მოსმენის მსგავს რეჟიმში წარმართვას არასწორად მიიჩნევენ და ამ საკითხის დაყენებას ქუთაისში, ბიუროს სხდომაზეც აპირებენ.

„რატომღაც „ქართული ოცნება“, მთელ ამ პროცესს, ვგულისხმობ როგორც მთავრობის დამტკიცებას, ასევე მთავარი პროკურორის საკითხის განხილვას, ატარებს ძალიან ფორსირებულ რეჟიმში, თითქოს, ჩვენ ძალიან გვეჩქარება სადმე და პარლამენტი ვართ ისეთ უწყებად გადაქცეული, რომელმაც ერთ დღეში უნდა ჩავატარებინოთ მთავრობას ყველაფერი, რომ ზედმეტი დისკომფორტი არ შეექმნათ. ამიტომ ჩატარდა გაერთიანებული კომიტეტები ყველა ერთ დღეს, ამავე დღეს ჩატარდა უმცირესობა, უმრავლესობა, ფრაქციები, ყველაფერი, რაც არაა ნორმალური პროცესი.

მთავრობასთან დაკავშირებით ამ კომპრომისზე ჩვენ მივდივართ და წავედით საპარლამენტო უმცირესობაში, მაგრამ პროკურორსაც იგივე კომფორტი შევუქმნათ, რომ ორ სხვადასხვა დღეს პარლამენტში მოსვლა არ მოუწიოს, ჩვენ ასე არ ვთვლით და მიგვაჩნია, რომ კვირას არ უნდა გაიმართოს მთავარი პროკურორის მოსმენა. უმცირესობასთან შეხვედრა უნდა გაიმართოს ოთხშაბათს, მანამდე შეუძლიათ ჩაატარონ კომიტეტი, ხოლო ხუთშაბათს შეიძლება უკვე დანიშნულ პლენარულ სესიაზე მისი დამტკიცება, რაც ასე ძალიან უნდა „ქართულ ოცნებას“. ამაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს და ბიუროს სხდომაზე დავუბრუნდებით საკითხს“, – აღნიშნა მედიასთან ოთარ კახიძემ.