ოთარ კახიძე - „ქართულ ოცნებაში“ არიან ჯგუფები, რომელთაც სურთ, პარლამენტში მეტ ძალაუფლებას ფლობდნენ
ოთარ კახიძე - „ქართულ ოცნებაში“ არიან ჯგუფები, რომელთაც სურთ, პარლამენტში მეტ ძალაუფლებას ფლობდნენ

დეპუტატ ეკა ბესელიას გადადგომა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, სასამართლოს საკითხთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, რომლებიც სასამართლოს თემაზე ერთმანეთს ეკამათებიან.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან. მურუსიძესთანაც კონტრაქტი ივანიშვილმა გააფორმა. თუ დაპირისპირებას ფიქრობენ, იმის ვაჟკაცობა ეყოთ, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიას გადადგომა სასამართლოს საკითხთან არანაირ კავშირში არ არის. ეს ივანიშვილის სურვილია, რომელსაც ეკა ბესელიამ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სასამართლოს საკითხი მიაბა და საზოგადოებას პრინციპულ ნაბიჯად შეასაღა. რეალურად კი, ეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა კახიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ არის ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულ პირთა ჯგუფი.

„ეს ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფია, რომელთაც მხოლოდ ძალაუფლება და რაღაც დოზით, წინა ხელისუფლების სიძულვილი ამოძრავებთ. სხვა პოზიტიური დღის წესრიგი და იდეოლოგია არ გააჩნიათ. ბესელია რაღაცებზე ალაპარაკებით იმუქრება. მათი მმართველობის განმავლობაში იმდენი პრობლემა დაგროვდა, რომ ერთმანეთზე კომპრომატებს ფლობენ და ერთმანეთს აშანტაჟებენ“, – განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას მომავალი არ აქვს, რადგან არაჯანსაღ კომპონენტებზე დგას.

„ქართულ ოცნებაში“ არიან ჯგუფები, რომელთაც სურთ, პარლამენტში მეტ ძალაუფლებას ფლობდნენ. არის პარლამენტის თავმჯდომარის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი და ასევე, ე.წ. ძველი გვარდია, რომლებიც ძალაუფლებას ერთმანეთში ვერ იყოფენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

ეკა ბესელიამ გუშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.