ოთარ კახიძე - პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელს მხარს დავუჭერთ, თუმცა პოლიტიკურ კრიზისს მოგვარებულად ჩავთვლით, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან
ოთარ კახიძე - პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელს მხარს დავუჭერთ, თუმცა პოლიტიკურ კრიზისს მოგვარებულად ჩავთვლით, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ – 130/20-ზე მოდელს სთავაზობს.

კახიძის თქმითვითარების ნორმალიზებისთვის, ცივილური ოპონირების რეჟიმში დასაბრუნებლად კვლავ უცვლელი რჩება მოთხოვნა, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითვალისწინებს.

კახიძის განმარტებით, ოპოზიცია მხოლოდ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას და მხარს დაუჭერს შემოთავზებულ მოდელს, თუ ის სრულად პროპორციულ სისტემასთან მაქსიმალურად მიახლოებული იქნება.

„40 ოლქად ხომ ყოფენ საქართველოს, ეს ხომ მათი შემოთავაზებაა, რომ 40 იყოს მაჟორიტარი? 40 ოლქად რომ დაყოფენ, შემდეგ შეაერთონ ორ-ორი ოლქი და გამოვა 20. რაც შეეხება ჩამკეტებს, რაღაც ჩამკეტებზე საუბარი არასერიოზულია, ჩვენ გვაქვს კონკრეტული წინადადება, ეს არის 130/20-ზე, რომ საგრძნობლად იყოს მიღწეული პროპორციული სისტემა, ბოლომდე არა, მაგრამ 130 პროპორციული მანდატი მართლაც არის მიახლოებული სრულ პროპორციულ სისტემასთან.

ამასთან, ჩვენ გვაქვს პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, რათა მორჩეს სიტუაციის ნორმალიზება, ცივილური ოპონირების რეჟიმში დავბრუნდეთ და განიმუხტოს კრიზისი. ღიმილისმომგვრელია წინადადება, თითქოს ოც ოლქად ვერ ყოფენ და ორმოცად ყოფენ, დაყონ ორმოცად და შემდეგ ორ-ორი ოლქი გააერთიანონ. „ქართული ოცნება“ ამბობდა, 47-48 პროცენტი გვაქვსო და სრული პროპორციული სისტემის შემთხვევაში, ვერ ვაკომპლექტებთ მთავრობას, ვაგებთ არჩევნებსო. ეს იყო მათი წუხილი, რაც უთხრეს საერთაშორისო პარტნიორებს. ჩვენ შევთავაზეთ 130/20-ზე სისტემა და თუ აიღებენ 43 პროცენტზე მეტს და მოიგებენ მაჟორიტარების უმრავლესობას, მაშინ დააკომპლექტებენ მთავრობას. თუ ეს არის მათი წუხილი, მაშინ 130/20-ზე მათ წუხილს სრულად აკმაყოფილებს“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მხარს უჭერენ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულ მოდელს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მხოლოდ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებულს, ეს არის 130/20-ზე. რაც შეეხება სხვა მოდელებს, ჩვენ გერმანული მოდელიც შევთავაზეთ, მრავალმანდატიანი მაჟორიტარულიც და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ მოდელს, რომელიც მაქსიმალურად გვაახლოებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან. ფაქტია, „ქართული იცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ აპირებდნენ მოლაპარაკების გამართვას, მათ სიტყვას აქვს ფასი ნული და ამიტომ ივანიშვილი იმის მიხედვით, თუ როგორ გარისკავს, გადაწყვეტს თვითონ და არა ის კლოუნები, რომლებიც „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობენ“ ,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, კახიძის განმარტებით, ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისს მოგვარებულად ჩათვლის მაშინ, თუ პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლდებიან, სხვა შემთხვევაში განახლდება საპროტესტო გამოსვლები, პარლამენტის პიკეტირება.

„ჩვენ პოლიტიკურ კრიზისს ჩავთვლით მოგვარებულად, თუ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, სხვა შემთხვევაში ისევ იქნება საპროტესტო გამოსვლები, პარლამენტის პიკეტირება. კენჭისყრას რაც შეეხება, სრულად პროპორციული რომ შემოიტანონ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ. 130/20-ზე არის პროპორციულთან მიახლობეული და ნებისმიერ სხვა კანონსაც, რომელიც შეიძლება იყოს ქვეყნისთვის სასიკეთო, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.