ოთარ კახიძე - პრინციპული პოზიციაა, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა მედიისთვის გახსნილი იყოს
ოთარ კახიძე - პრინციპული პოზიციაა, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა მედიისთვის გახსნილი იყოს

პრინციპული პოზიციაა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა მედიისთვის გახსნილი იყოს, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, ოთარ კახიძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ოთარ კახიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს შალვა შავგულიძის კანდიდატურას და მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნული კანდიდატი შეძლებს არსებული პრობლემების მოგვარებას.

„ევროპული საქართველო“ შალვა შავგულიძის კანდიდატურას იმის გამო აყენებს, რომ მიგვაჩნია, პროკურატურას სჭირდება საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ხელმძღვანელი. სარალიძის საქმემ კარგად აჩვენა, რა პრობლემებია პროკურატურაში“, – განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, რეფორმებს ვერ გაატარებს პირი, ვისაც არ აქვს საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა.

„ხელისუფლების მორიგი ფიგურა შალვა თადუმაძე ამ მანდატით აღჭურვილი ვერ იქნება. ვითხოვთ, ღია და გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რა პრინციპებით აირჩევენ მთავარ პროკურორს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში დღეს საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართება. საპროკურორო საბჭო  შალვა თადუმაძის, შალვა შავგულიძის და ნინო გოგნიაშვილს შორის  მთავარი პროკურორობის ერთ კანდიდატს შეარჩევს.