ოთარ კახიძე - ოპოზიციური პარტიები გავალთ არჩევნებზე, 73-ვე მაჟორიტარულ ოლქში შევთანხმდებით საერთო კანდიდატებზე
არჩევნებზე მთლიანად ოპოზიციური სპექტრი ვიქნებით გაერთიანებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება.
„ვინაიდან ვართ ახალი რეალობის წინაშე, როდესაც არსებობს საფრთხე, დარჩეს სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, ანუ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარი, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ სცენარისთვის მზად. არ არის ჯანსაღი ვითარება, როდესაც ოპოზიციური პარტიები იძულებული ხდებიან, გაერთიანდნენ, თუმცა სხვანაირად ივანიშვილი კლავს დემოკრატიული თამაშის წესს. ამ შემთხვევაში, მთელი ოპოზიცია შეთანხმდება ერთ კანდიდატზე და 73 მაჟორიტარული ოლქიდან 70-ს წააგებს ივანიშვილი პირველივე ტურში. არ იქნება არანაირი მეორე ტურები. ვიქნებით მთლიანად ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული, რათა ეს მართლაც რაღაც ჭირი, მოვაშოროთ ქვეყანას. სქემა არის მარტივი. ოპოზიციური პარტიები გავალთ არჩევნებზე, მაგრამ ყველა, 73-ვე მაჟორიტარულ ოლქში შევთანხმდებით ერთ კანდიდატზე“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ოათარ კახიძის თქმით, ოპოზიციური ერთობის ფარგლებში მოხდება შეთანხმება, თუ ვინ შეიძლება იყოს ოპოზიციის მხრიდან კონკრეტულ ოლქში წარდგენილი კანდიდატი.
„ეს არის მოლაპარაკების საგანი. ეს არის პარტიებს შორის შეთანხმების საგანი. ჩვენ ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ ოპოზიციური ერთობის ფარგლებში. ეს სისტემა ჩვენ გვაიძულებს, დავუპირისპირდეთ და ერთიანი ძალებით ივანიშვილი მოვიშოროთ. როცა ივანიშვილს მოვიშორებთ, რამდენიმე თვის თავზე უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, სადაც პარტიები ერთმანეთს შეეჯიბრებიან საარჩევნო პროგრამებით, ხედვებით, იდეებით და ამომრჩეველთა მხარდაჭერის შესაბამისად, დაკომპლექტდება პარლამენტი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.