ოთარ კახიძე - ნამდვილად ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების საკმარისი ნდობა, მაგრამ სხვა არჩევნებისთვის უკეთესად მოვემზადებით
ოთარ კახიძე - ნამდვილად ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების საკმარისი ნდობა, მაგრამ სხვა არჩევნებისთვის უკეთესად მოვემზადებით

ჩვენ ნამდვილად ვერ მოვიპოვეთ საზოგადოების ნდობა საკმარისად, რომელიც „ოცნების“ გასაშვებად იქნება საკმარისი, მაგრამ წინ სხვა არჩევნებია,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ოთარ კახიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, მომავალი არჩევნებისთვის უფრო უკეთესად მოემზადებიან.

„წინ სხვა არჩევნებია. ამ არჩევნებისთვის უკეთესად მოვემზადებით, მაგრამ მანამდე ისე ნუ იზამთ, რომ სახელმწიფოს ფუნდამენტი ბოლომდე მოარღვიოთ. ნუ ითანამშრომლებთ დანაშაულებრივ სამყაროსთან, ეს არის ჩემი მოწოდება. ღირსეულ გამარჯვებას მივულოცავ ნამდვილად, კრიმინალური სამყაროს გამოყენებით მიღწეულ გამარჯვებას ვერ მივულოცავ, ეს არ არის ღირსეული ბრძოლის მეთოდი“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. 31-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 61.83 (10 738 ხმა) პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.