ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს
ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს.

ამასთან, კითხვაზე, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის ბოდიში, კახიძე პასუხობს, რომ ეს თავად სააკაშვილს უნდა ჰკითხონ.

„ეს უნდა ჰკითხოთ მას, მე წარმოვადგენ „ევროპულ საქართველოს“, სააკაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვის წარადგენს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატად, ეს არის მათი გადასაწყვეტი, მე წარმოვადგენ „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და პრიორიტეტები, რომლითაც ჩვენი ამომრჩევლის წინაშე უნდა წარვსდგეთ. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს, მიხეილ სააკაშვილი არ არის ისეთი ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია, ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს. დანარჩენი არის მათი პრეროგატივა და მათი გადასაწყვეტი. მე ვარ არა პოლიტიკური მიმომხილველი, კომენტატორი, არამედ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლი. შესაბამისად, მე შემიძლია ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმები გითხრათ, ხოლო სხვადასხვა პოლიტიკოსის განცხადებები შეაფასებინეთ შესაბამის ექსპერტებს“, – განაცხადა კახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, აქვს თუ არა სააკაშვილს შეცდომები დაშვებული, კახიძე ასე პასუხობს:

„მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური დევნილი, რაც აქვს დადასტურებული პირდაპირ ინტერპოლის გენერალურ სამდვინოს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრალდებები შეთითხნილია. რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები აქვს დაშვებული წინა ხელისუფლებას, მაგრამ ივანიშვილის შეცდომებთან და დანაშაულებთან მიმართებაში, ჩემი აზრით, აქ არის სრული ასიმეტრია. ამავე დროს, მინდა, ყველას ვუთხრა, თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ბოლო 20 წლის მანძილზე, ეს უკავშირდება 2004-2012 წლების პერიოდს, ეს იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომები იყო დაშვებული, ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არამედ წინა ხელისუფლების მიერ, მათ შორის ჩვენც ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ როგორც შეცდომებზე, ისე მიღწევებზე, ჩვენ გააზრებული გავაქვს წარსულის გამოცდილება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა აქვს გააზრებული, ეს უნდა კითხოთ მას და მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.