ოთარ კახიძე - მართლმსაჯულების სისტემაში ძალიან სერიოზული პრობლემებია და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამაზე მიუთითებს
ოთარ კახიძე - მართლმსაჯულების სისტემაში ძალიან სერიოზული პრობლემებია და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ამაზე მიუთითებს

მართლმსაჯულების სისტემაში ძალიან სერიოზული პრობლემებია და კომისიის შექმნა რომ საჭირო გახდა, ეს ამ ძალიან მძიმე პრობლემებზე მიუთითებს, – ამის შესახებ ახალშექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, შსს და პროკურატურა სასამართლო განაჩენის დადგომამდე არ აღიარებდნენ, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში პრობლემები იყო და მეტიც, სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზეც კი ამბობდნენ, რომ საქმე აბსოლუტურად გამართულია.

„მაშინაც კი, როცა განაჩენი მივიღეთ, მთავარი პროკურორი პირველ ბრიფინგზე საკმაოდ რიხიანი იყო. შემდეგ, ისინი იმ რეალობის წინაშე დადგნენ, რომ საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა იზრდებოდა და გადაწყვიტეს, რეაგირება მოეხდინათ. სწორედ ამაზე რეაგირება იყო როგორც მთავარი პროკურორის გადადგომა, ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნა და უმრავლესობის „ევროპული საქართველოსთვის“ გადაცემა“, – განაცხადა კახიძემ.

როგორც კომისიის მდივანმა აღნიშნა, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიება შსს-მ დაიწყო, მაგრამ შემდეგ, უცნობი მიზეზის გამო, ეს საქმე შსს-ს ჩამოერთვა და პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიქვემდებარა.

„პროკურატურა არის საპროცესო ზედამხედველი ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც გამოძიების სახით წარმოებს, მაგრამ პროკურატურას საკუთარი საგამოძიებო ნაწილიც ჰყავს, ასე ვთქვათ, ელიტარული საგამოძიებო დანაყოფი და მათ ეს საქმე როგორც გამოიძიეს, შედეგები უკვე ვნახეთ“, – განაცხადა კახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სამართლებრივად რამდენად გამართულია პროცედურა, როცა საქმე პროკურატურიდან შსს-ში დაბრუნდა და არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტი, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ სამართლებრივად ეს შესაძლებელია, მაგრამ ამ საქმის უკან დაბრუნება თავად საქმის გამოძიების ლოგიკას ეწინააღმდეგება.

„მთავარმა პროკურორმა გარკვეულწილად პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და თანამდებობა დატოვა. თუმცა, ამ საქმის ისევ შსს-ში დაბრუნება ლოგიკას არ ექვემდებარება. ლოგიკაში არ ჯდება, თუ გამოძიება შსს-მ დაიწყო, იქ პრობლემები იყო და საქმე პროკურატურაში ამიტომ წავიდა, ახლა კი ისევ შსს-ში ბრუნდება ისე, რომ შსს-ში ამ საქმის თავდაპირველი გამოძიების ხარვეზებზე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.