ოთარ კახიძე - მ.კ. არის პირი, რომელსაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ
ოთარ კახიძე - მ.კ. არის პირი, რომელსაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ

პირი, ვისაც უჭირავს მსხვერპლი და შესაძლებლობას აძლევს დანით შეიარაღებულებს, რომ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენონ, ეს პირი არის თანააღმსრულებებლი და ეს არის კონკრეტული როლი, რომელიც მ.კ.-ს აქვს ამ დანაშაულში, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, პროკურატურის ვერსია, რომ მ.კ.-მ დაინახა გ.ბ ურტყამდა დანებს და შემდგომ 8, 9 მეტრი, გაირბინა, მივიდა ფარდულთან და ჩაერთო ჩხუბში, არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით.

„საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც პროკურატურის ამ ვერსიას ამყარებს. ეს არის პროკურატურის ვერსია, რომლითაც პროკურატურა შეეცადა, ამ საქმიდან მ.კ. გამოეძვრინა. პროკურატურა პირდაპირ საუბრობს, რომ მ.კ. როცა მიიმალა გ.ჯ-სთან ერთად, მიმალვის განზრახვა თვითონ კი არ ჰქონდა, უბრალოდ თავის მეგობარს გაყვა. ამ ვერსიას მე არა თუ ვიზიარებ, არამედ კატეგორიულად ვემიჯნები. პროკურატურა, როდესაც ცდილობდა მ.კ. გამოეძვრინა, ისე აიღო ჩვენებები და ისე წაიყვანა საქმე, რომ მ.კ. დანაშაულის თანააღმსრულებლად მაინც გამოიყვანა, ოღონდ არა ცივი იარაღით ხელში, არამედ თანააღმსრულებელი, რომელსაც უჭირავს მსხვერპლი და უადვილებს სხვა პირებს დანების დარტყმას. ამ მიკერძოებული პროკურატურის დასკვნის პირობებშიც კი, მ. კ. არის თანააღმსრულებელი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, რომ არა ამ მკვლელობაში რამდენიმე პირის, კონკრეტულად მ.კ-ს მონაწილეობა, რომელსაც ერთი ხელით უჭირავს, მეორეთი კი, ურტყამს, დავით სარალიძის მკვლელობას ერთი გ.ჯ-ს მიერ პრაქტიკულად გამორიცხულია.

„რაც შეეხება მიზეზობრივ კავშირს. დავით სარალიძე იყო ერთი მეტრი და 97 სმ და 160 კგ, იყო რაგბისტი. მ.კ-ს შეპყრობილი ყავს სარალიძე ისე, რომ აფიქსირებს შენელების მომენტს. როდესაც სარალიძე აქტიური მოქმედებიდან ნელდება, სისხლისგან იცლება და იმდენად სუსტდება, რომ ახერხებს მის გამოწევას. როდესაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ, ის უჭირავს მ.კ-ს, ვინაიდან მ.კ იმყოფება ფარდულში სარალიძესთან ერთად კონფლიქტის დაწყებიდან, კონფლიქტის ბოლომდე და მ.კ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი მის თვალწინ ხდება. აქ არის ექვსი მოწმის ჩვენება, დამატებით ბრალდებულის ჩვენება, თავად მ.კ-ს ძმის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ პარალელურად ხდებოდა დანების დარტყმის პროცესი და მ.კ-ს მიერ მუშტის დარტყმის პროცესი, შემდგომ ამას ზემოდან დაერთო მ.კ-ს ოთხი ჩვენება. ამაზე მყარი საქმე ფსიქიკურად არ არსებობს არა თუ დევნის დასაწყებად, არამედ გამამტყუნებელი განაჩენისათვისაც კი”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები ეფუძნება საქმის მასალებს.

„ჩვენ პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს, ჩვენ საზოგადოებაში გავრცელებული ხმების მიხედვით არ ვიღებთ ამ რეკომენდაციას. ჩვენ ბატონი ზაზას მოთხოვნას კი არ ვპასუხობთ, ვსწავლობთ საქმის მასალებს და რეკომენდაცია ეფუძნება საქმის მასალებს. თუ გამოჩნდება რომ აქ მ.კ-ს ხელში დანა იყო, ამ შემთხვევაში პროკურატურას ექნება საშუალება რომ თავის დასაბუთებაში ეს ყველაფერი ასახოს, მაგრამ ქმედების კვალიფიკაციასთან ეს არანაირ კავშირში არ არის. მ.კ დარჩება თანააღმსრულებლად. დაიჭერდა ხელში სარალიძეს და სხვები დაარტყამდნენ დანებს, თუ გ.მ დაიჭერდა და თვითონაც დაარტყამდა დანას, ეს არის მაინც დანაშაულის თანააღმსრულებელი, ის უნდა იყოს ბრალდებული და შემდგომ მსჯავრდებული 109 მუხლის მეორე ნაწილის ბ და ე ქვეპუნქტებით“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.