ოთარ კახიძე - კონსტიტუციას ბევრი ნაკლი აქვს, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დოკუმენტი, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ეწინააღმდეგებოდა
ოთარ კახიძე - კონსტიტუციას ბევრი ნაკლი აქვს, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დოკუმენტი, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ეწინააღმდეგებოდა

საქართველოს კონსტიტუციას ბევრი ნაკლი აქვს, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო დოკუმენტი, რომელსაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ეწინააღმდეგებოდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ოთარ კახიძემ პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ძირითადი კანონი ყველა ქვეყანაში არის პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის დოკუმენტი, კონსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს.

„წლის შეჯამებაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის ქვეყნის ძირითადი კანონი – კონსტიტუცია. გეტყვით იმ ნაკლოვანებებზე, რომელიც ახლავს ამ დოკუმენტს და ახლდა მის განხილვასა და მიღებას. პირველი მთავარი ნაკლია, რომ კონსტიტუცია მივიღეთ კონსენსუსის გარეშე. ქვეყნის ძირითადი კანონი ყველა ქვეყანაში არის პოლიტიკურ ძალებს შორის თანხმობის დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ მიღებული დოკუმენტი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი.

მეორე პრობლემა, რომელიც თან ახლდა კონსტიტუციას, ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მაჟორიტარული სისტემა, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება აქტიურად იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და არ იცავს კანონს არჩევნების ადმინისტრირების პროცესში, ეს სისტემა იქნება პრობლემური და მიხვდებით, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო აუცილებელი.

კონსტიტუციის კიდევ ერთი პრობლემა ეს არის „თავისუფლების აქტის“ შემოსაზღვრა დროში. ეს იყო ძალიან ნეგატიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აღარ ვაპირებთ, შევინარჩუნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი გადასახადების გასაზრდელად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის თავისუფალი კაპიტალის მოზიდვა.

ამასთან, პრაქტიკულად კოჭი გაუგორეთ სხვადასხვა შავრაზმულ ძალებს, როდესაც შეიტანეთ სრულიად დაუსაბუთებელი დეფინიციები – ეს ეხება ქორწინებას, მიწის გაყიდვას, დემაგოგიურ, ყალბ „ნაციონალუისტური“ პათოსით გამსჭვალულ ინიციატივებს. ჩემი აზრით, არის გარკვეული ლაქაც კონსტიტუციის ტექსტშიც“, – განაცხადა კახიძემ.

პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ოთარ კახიძემ ხელისუფლებას მიმართა, რომ მოსახლეობისთვის უნდა ეკითხა, იყო თუ არა მომხრე პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმების.

„შემდეგი საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმებას. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ინიციატივა, რეალურად გვეკითხა მოსახლეობისთვის, იყო თუ არა მომხრე პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმების, არ გააკეთეთ ასე. საზოგადოება შეცდომაშიც შეიყვანეთ, როდესაც წარმოაჩინეთ, თითქოს საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ არის არჩეული პირდაპირი წესით, რაც უბრალოდ ტყუილია“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.