ოთარ კახიძე - ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში განხორციელებული ქმედებები ბუმერანგივით უბრუნდება
ოთარ კახიძე - ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში განხორციელებული ქმედებები ბუმერანგივით უბრუნდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში განხორციელებული ქმედებები ბუმერანგივით უბრუნდება.

ჟურნალისტებთან საუბარში ოთარ კახიძე 44 მოსამართლის უვადოდ განმწესებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებდა, რომ იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება არ შეიძლებოდა.

“მათთვის სიურპრიზია, რომ არსებული შემადგენლობა ნდობას ისეთ მოსამართლეებს გამოუცხადებს და დანიშნავს უვადოდ, რომლის მიმართაც უამრავი კითხვა არსებობს? ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ ის ვერ მოახერხა, რომ მოსამართლედ რეპუტაციაშელახული პირები უვადოდ არ განემწესებინა. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე სასამართლო სისტემაში რეალური რეფორმა არ განხორციელდება. ეს ხელისუფლებას არ უნდა, რადგან სასამართლო მისი მორჩილი და შეკვეთის შემსრულებელი უნდა იყოს. ხელისუფლებას მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ბუმერანგივით უბრუნდება. ყველაზე ცუდი ის კი არ არის, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა პრემიერ-მინისტრს არ მოსწონს, ყველაზე ცუდი ისაა, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია და საზოგადოებას სასამართლოს მიმართ რწმენა არ აქვს”, – განაცხადა კახიძემ.