ოთარ კახიძე - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს მე კრემლის ოლიგარქს არ ვეძახი, ქვეყანა საითაც მიჰყავს, ეს საქმეა პრორუსული
ოთარ კახიძე - სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს მე კრემლის ოლიგარქს არ ვეძახი, ქვეყანა საითაც მიჰყავს, ეს საქმეა პრორუსული

სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს მე კრემლის ოლიგარქს არ ვეძახი, – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“.

„ივანიშვილს ქვეყანა როგორც მიჰყავს და საითაც მიჰყავს, ეს საქმე არის თავისი შედეგებით პრორუსული, თორემ ნამდვილად არ ვავითარებ რაღაც კონსპირაციის თეორიებს, რომ ის კრემლიდან იმართება. შეგეშალა ადრესატი. მე არ ვარ ის, ვინც ამ იარლიყებს აკერებს“, – განაცხადა კახიძემ. 

ამ განცხადებით ოთარ კახიძემ დებატებში მონაწილე „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ „ევროპული საქართველოსთვის“ პროდასავლური ისაა, ვინც დღეს მათიანია და ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს ჰკითხა, როდიდან გახდა ბიძინა ივანიშვილი პრორუსი, 2016 წლიდან, თუ 2012 წლიდან.

კახა კუკავას შეკითხვაზე, არის თუ არა შალვა შავგულიძე რუსეთის მსახური და იყო თუ არა ის 2012-დან 2016 წლამდე პრორუსული გუნდის წარმომადგენელი, ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ პრორუსული, ან კრემლის მსახური არ არის არც შალვა შავგულიძე და არც სტუდიაში მყოფი დავით უსუფაშვილი და აკაკი ზოიძე.

„ვთვლი, რომ ხელისუფლება, რომელსაც აკაკი ზოიძე წარმოადგენს, საბოლოო ჯამში, რუსულ საქმეს აკეთებს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ პრორუსული საქმე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა.

დატოვე კომენტარი