ოთარ კახიძე - იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს პოლიტიკური შეხედულებებით და ივანე მერაბიშვილს დაუსაბუთებლად უხანგრძლივებს პატიმრობას
ოთარ კახიძე - იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს პოლიტიკური შეხედულებებით და ივანე მერაბიშვილს დაუსაბუთებლად უხანგრძლივებს პატიმრობას

ვადაზე ადრე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭო არის პოლიტიკურად მიკერძოებული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭო პრაქტიკულად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ექვემდებარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სასამართლომაც კი გააუქმა მერაბიშვილზე გაცემული უარი და დაავალა, დასაბუთებული გადაწყვეტილება გამოეცა, იუსტიციის სამინისტრო მაინც ხელმძღვანელობს პოლიტიკური შეხედულებებით და ივანე მერაბიშვილს დაუსაბუთებლად, ყოველგვარი რეალური არგუმენტის გარეშე უხანგრძლივებს პატიმრობას. ივნისში სტრასბურგში იქნება მინისტრთა კომიტეტის სხდომა და ვნახოთ, ევროსაბჭოს როგორი რეაქცია ექნება“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 11 აპრილს განიხილა და მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.