ოთარ კახიძე ინიციატივით გამოდის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოთ, თუ გარკვეულ კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ
ოთარ კახიძე ინიციატივით გამოდის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოთ, თუ გარკვეულ კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ

ოპოზიციონერი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ინიციატივით გამოდის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს, თუ მთის ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ დემოგრაფიულ, სასოფლო-სამეურნეო ან პერიფერიულობის კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ოთარ კახიძემ შესაბამისი ცვლილებები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ავტორი განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, სოციალური შეღავათები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებებზე რომ გავრცელდეს, საჭიროა, დასახლება მდებარეობდეს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან ზევით. ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობის შემთხვევაში კი მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ საოქმო გადაწყვეტილებით დადგენილი სამი კრიტერიუმიდან (დემოგრაფიული, სასოფლო-სამეურნეო და პერიფერიულობა) რომელიმე ორი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს.

„პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებების ნაწილი ზემოთ აღნიშნულ საჭირო რაოდენობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რათა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და შესაბამისი შეღავათები მოიპოვონ მაშინ, როდესაც მათ მეზობელ სოფლებს მინიჭებული აქვთ აღნიშნული სტატუსი, სადაც ანალოგიური პრობლემები და გამოწვევები არსებობს მათი ყოველდღიური საცხოვრებელი პირობების კუთხით. პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 62 დასახლებიდან 49 დასახლებას უკვე აქვს მინიჭებული მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და დადგენილი შეღავათებით ადგილობრივი მოსახლეობა უკვე სარგებლობს. დანარჩენმა 13-მა დასახლებამ კი საჭირო რაოდენობის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც მათზე დაწესებული შეღავათები ვერ გავრცელდა. თუმცა, აღნიშნულ 13 დასახლებაშიც არსებობს მეზობელი სოფლების მსგავსი გამოწვევები, რაც მიზანშეწონილს ხდის კანონით დადგენილი შეღავათების გავრცელებას“, – აღნიშნულია კანონპროექტში.